„ეს რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეგმილი, საკმაოდ სერიოზული, კომპლექსური ოპერაციების კასკადის შედეგია, რომელიც გასული დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა“, – ამის შესახებ შეიარაღების ექსპერტმა გიგა ინაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა და რუსეთ-უკრაინის ომიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, უკრაინელების სტრატეგიულ უპირატესობაზე ისაუბრა.
გადაცემაში – „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან ერთად“ შეიარაღების ექსპერტმა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 204 დღის შემდეგ, უკრაინელების უპირატესობის მიზეზებს გაუსვა ხაზი და ყურადღება დასავლეთიდან მიწოდებული სამხედრო შეიარაღების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ინაშვილის შეფასებით, დღეის მდგომარეობით სახეზეა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ მიმართულებაზე, უკვე 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს და ეს ის ტერიტორიებია, რომელსაც თებერვლიდან მოყოლებული რუსული ჯარები აკონტროლებდნენ.
რატომ ცდილობს რუსეთი მოლაპარაკების დაწყებას, რა საბრძოლო რესურსი აქვს უკრაინას, როდის შეძლებს ყირიმზე კონტროლის დაბრუნებას და რა პერიოდი სახელდება ომის დასრულების სავარაუდო თარიღად? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამხედრო შეიარაღების ექსპერტმა, გიგა ინაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
უკრაინელების სტრატეგიული უპირატესობა – მიზნები და შედეგები
გიგა ინაშვილის შეფასებით, უკრაინელების წარმატებული ოპერაციების შედეგად, ხარკოვის ოლქის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერიტორიები რუსული ძალებისგან გაიწმინდა და როგორც ექსპერტი ამბობს, ეს რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეგმილი, საკმაოდ სერიოზული, კომპლექსური ოპერაციების კასკადის შედეგია, რომელიც გასული დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს.
როგორც ინაშვილმა წამყვანის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, აქ სახეზე იყო და ოპერაციის მსვლელობისას აშკარად გამოჩნდა, დასავლური ტაქტიკისა და ზოგადად, მასშტაბური საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარება-შესრულების დასავლური მეთოდები, მაქსიმალურად გაჯერებული მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გამოყენებით. ასევე, ზოგადად ქვედანაყოფების კომპლექტაციისა და მათი მოქმედების ტაქტიკით.
„ასეთი თამამი ოპერაციის დაგეგმვის საშუალება გენერლებსა და ზოგადად შეიარაღებული ძალების სარდლობას, დიდწილად სწორედ დასავლეთიდან და შტატებიდან მიწოდებულმა შეიარაღების მთელმა რიგმა ნიმუშებმა მისცა.
აქ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს HIMARS-ები და M 270 MLRS-ის ტიპის მულტიკალიბრული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე AGM-88 HARM-ის ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა ინტეგრაციაც უკრაინის საჰაერო ძალების MIG 29 და SU 27-ის ტიპის გამანადგურებლებზე მოხდა.
HARM-ის ტიპის რაკეტების გამოყენება აქტიურად აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყეს, რამაც უკრაინელებს მისცა შესაძლებლობა მთელ რიგ მიმართულებებზე და მათ შორის, ხერსონის მიმართულებაზე და შემდგომში უკვე, ოპერაციის დაწყებამდე, ხარკოვის მიმართულებაზეც მოეშიშვლებინათ და გაენადგურებინათ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რადიოლოკაციური სადგურები და რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანები.
რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანები, რუსულ დაჯგუფებაში, ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე, საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი და ეს იყო ის სისტემები, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინული სადაზვერვო, „კამიკაძე“ და დამრტყმელი უპილოტო აპარატების გამოყენებას მაქსიმალურად ზღუდავდნენ, ანუ, მათი მართვის სიხშირეებს ახშობდნენ“, – განაცხადა გიგა ინაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.
ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS
სამხედრო შეიარაღების ექსპერტის შეფასებით, HARM-ის ტიპის რაკეტებით ამ სისტემების ჩახშობის შემდეგ, [საუბარია ხარკოვის მიმართულებაზე] უკრაინელებს საშუალება მიეცათ, რომ ტერიტორიაზე მუდმივ რეჟიმში სადაზვერვო დრონები დაეკიდათ, ასევე გამოეყენებინათ BAYRAKTAR-ის ტიპის დამრტყმელი დრონები.
ხარკოვის პოლიცია: იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია
შედეგად კი, ექსპერტის თქმით, ამან გამოიწვია ის, რომ ოპერატიული სამიზნეების აღმოჩენა-გამოვლენა მომენტალურად მოხდა, რომელზედაც ზუსტი ცეცხლის წარმოება უკვე HIMARS-იდან გაშვებული M31 GMLRS ტიპის ზუსტი დამიზნების რაკეტებით განხორციელდა. ასევე, სხვადასხვა ტიპის 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებიდან გასროლილი ექსკალიბურის ტიპის ჯიპიესით მართვადი, ზუსტი დამიზნების ჭურვებით.
„ზუსტი დამიზნების საარტილერიო საბრძოლო მასალებმა უკრაინელებს საშუალება მისცა ეფექტური საცეცხლე დამუშავება ეწარმოებინათ, გაენადგურებინათ მართვის ცენტრები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, კავშირგაბმულობის სადგურები, საარტილერიო დივიზიონების მართვის მანქანები.
ამ ყველაფრის განადგურებამ და მართვის სისტემის მოშლამ გამოიწვია იქ დარჩენილი, ისედაც დაბალი საბრძოლო პოტენციალის მქონე ქვედანაყოფების ტოტალური მოშლა და შემდეგში უკვე, შეტევაზე გადასულმა უკრაინულმა ნაწილებმა, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს.
გარდა ამისა, ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რამაც უკრაინელების სწრაფი წარმატება განაპირობა, იყო ის, რომ ხარკოვის მიმართულებაზე, რუსების მხრიდან, უკვე დარჩენილი იყო დაბალი ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები. მათ ასევე დაემატათ, ლუჰანსკიდან და დონეცკიდან გადასროლილი სეპარატისტების ქვედანაყოფები.
ძირითადად, ამ ნაწილში ისინი იყვნენ დარჩენილი, რადგან რუსული არმიის ნაწილიდან ძირითადად, მეორეხარისხოვანი ქვედანაყოფები იყვნენ შემორჩენილი და ფაქტობრივად, თავდაცვის პირველი ეშელონის გამაგრებაც ვერ შეძლეს, ხოლო მეორე და მესამე ეშელონი მხოლოდ სიმბოლური აღმოჩნდა“, – აღნიშნა გიგა ინაშვილმა.
ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. „გენერალური პროკურორი“ საკუთარ ოფისში აფეთქების შედეგად დაიღუპა
ამერიკული ჰაუბიცა M-777
ექსპერტის შეფასებით, სანამ ოპერაცია დაიწყებოდა, მთელი ყურადღება ხერსონის მიმართულებაზე იყო მიმართული, ხოლო უკრაინელების მხრიდან რუსების შეიარაღებული ძალებისთვის ეს შეიძლება სტრატეგიული დონის სატყუარა იყო, რადგან როგორც ინაშვილმა აღნიშნა, რუსეთმა აღმოსავლეთის მიმართულებიდან და ყირიმში არსებული მაღალი ბრძოლისუნარიანობის მქონე ნაწილები სწორედ ხერსონის მიმართულებაზე გადაისროლა.
„ვიცით, რომ შემდეგში უკრაინულმა არტილერიამ HIMARS-ების გამოყენებით მასშტაბური საარტილერიო დამუშავება ჩაატარა, მაგალითად ნოვა კახოვკასთან, კონკრეტულად კი ხიდებზე. მდინარე დნეპრზე გადასასვლელი დიდ ხიდები ჩაანგრია, რამაც გამოიწვია ის, რომ მძიმე ტექნიკისთვის გატარებისთვის ეს ხიდები გამოუსადეგარი გახდა.
შემდეგში რუსებმა კი სცადეს პონტონური (ტივტივა ხიდი) ხიდების აგება იმისთვის, რომ იმ მხარეს, დნეპრის მარჯვენა ნაწილში არსებული დაჯგუფებისთვის ლოჯისტიკური მომარაგება აღედგინათ, თუმცა ესეც დაიბომბა და ფაქტობრივად, მოხდა ისე, რომ საკმაოდ სერიოზული რუსული დაჯგუფება, დნეპრის მარჯვენა მხარეს, ქალაქ ხერსონსა და ნიკოლაევს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საკმარისი ლოჯისტიკური მომარაგების გარეშე დარჩა.
ამ დაჯგუფებაზე კი, მუდმივი წნეხი და აქტიური საარტილერიო დარტყმები დღემდე გრძელდება, მაგრამ რეალურად, ეს ერთგვარი სატყუარა აღმოჩნდა, რაც ხარკოვის მიმართულებაზე საკმაოდ სწრაფი, სერიოზული წარმატების ერთ-ერთი მთავარი მაინიცირებელი ფაქტორი გახდა“, – განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში შეიარაღების ექსპერტმა.
უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 70-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს
უკან დახეული ოკუპანტები – ბრძოლა ოკუპირებული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე
რა ტერიტორია რჩება რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ; ამასთან რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს თავად ოკუპანტების მიერ გაჟღერებულ შესაძლო მოლაპარაკებას და რა რესურსებს შეიძლება ისინი ფლობდნენ, წამყვანის ამ შეკითხვების საპასუხოდ, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩება დონეცკის ოლქის დიდი ნაწილი, ლუჰანსკის ოლქის საკმაოდ დიდი ნაწილი. ასევე სამხრეთი მიმართულება – ქალაქ მარიუპოლიდან ბერდიანსკის გავლით ხერსონამდე და, რა თქმა უნდა, ყირიმი.
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსების მიერ დანიშნული მერი ცოლთან ერთად ავტოფარეხში მოკლეს
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ექსპერტის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ამაზე რუსული მხარე უფრო საუბრობდა, ვიდრე უკრაინული, რადგან მათ გაცხადებული აქვთ, რომ მოლაპარაკებები არ შეიძლება შედგეს რომელიმე კონკრეტული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
სამხედრო შეიარაღების ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ ომი გააგრძელოს და რეალურ სტრატეგიულ წარმატებასაც მიაღწიოს. მისი ანალიზის თანახმად, უკრაინელებს რამდენიმე თვეში უკვე ყირიმის გათავისუფლების რესურსებიც ექნებათ.
დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია: ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში
„რა თქმა უნდა, ეს ამ წელიწადში ვერ მოესწრება, მაგრამ ალბათ, მომავალ წელს შეტევა ამ ნაწილშიც იქნება. ზოგადად, რუსულ მხარეს რესურსები იმდენად აქვს შემცირებული, რომ გაუჭირდება ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე თუნდაც თავდაცვითი ოპერაციები აწარმოოს, მით უფრო, არ აქვს უნარი, ტაქტიკური ან ოპერატიული მნიშვნელობის მქონე შეტევისა, ამიტომაც დაიწყეს მოლაპარაკებებზე საუბარი.
ზოგადად, როცა ხარკოვის ოლქზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ როცა უკრაინელებმა დაკავებული ტერიტორიების წმენდა ჩაატარეს, ქალაქ კუპიანსკის, იზიუმის, ბალაკლეას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეობებში ძალიან დიდი რაოდენობით მიტოვებული რუსულ ტექნიკა ნახეს, რომელიც ფაქტობრივად, თვეების განმავლობაში ლოჯისტიკური მომარაგების გარეშე იყო დარჩენილი, ანუ საწვავისა და საბრძოლო მასალის გარეშე პირდაპირ პოზიციებზე იყო მიგდებული“, – აღნიშნა გიგა ინაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ლოჯისტიკა რუსული არმიის საკმაოდ სუსტი წერტილია და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინული არმია ლოჯისტიკური მომარაგების კვანძებს HIMARS-ებით ურტყამდა, რუსული ლოჯისტიკის ეფექტურობა სერიოზულად დაეცა, რამაც გამოიწვია ის, რომ რუსებმა მთელ რიგ მიმართულებებზე ტექნიკა ასე მიატოვეს. შესაბამისად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოლაპარაკების გარდა, სხვა შანსი აღარ აქვთ.
„გარდა ამისა, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიულ დონეზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეს ომი წაგებული აქვთ, ახლა ტექნიკური საკითხია, რამდენ ხანში მოხდება დარჩენილი ტერიტორიების გაწმენდა.
ხარკოვის ოლქი – უკრაინელების მიერ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა
ამ შემთხვევაში, ყირიმი უფრო რთულ საკითხად რჩება და ამ მიმართულებით მოქმედებები ალბათ უფრო შემდეგში დაიწყება, მაშინ, როცა „ლენდ ლიზი“ ამოქმედდება და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკვე დიდი რაოდენობით ტექნიკის მიწოდება დაიწყება.
ვიცით, რომ სამხრეთის მიმართულება გაშლილია და ისეთ ტერიტორიაზე, სადაც გაშლილი რელიეფია, მსუბუქი ქვეითებით წარმატებულ შეტევებს ვერ განახორციელებენ, ამას სჭირდება რამდენიმე ბრიგადა, დაკომპლექტებული მექანიზებული ტექნიკით. ანუ, აქ საუბარია ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და მუხლუხოიან ჯავშანტრანსპორტიორებზე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე ასეული სჭირდება“, – დასძინა ექსპერტმა.
ომის ხანგრძლივობა და უკრაინელების წარმატებული ტაქტიკის პერსპექტივა
„ომის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით, მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. თუმცა, რუსული არმია იმდენად დასუსტებულია, რომ შესაძლოა დომინოს პრინციპმაც კი იმუშაოს და მთელ რიგ მიმართულებებზე ფრონტის ხაზის ჩამოშლა მოხდეს“, – განაცხადა გიგა ინაშვილმა და დაამატა, რომ მაქსიმუმი, რაც რუსებმა შეიძლება შეძლონ, არის ის, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის, ასევე ყირიმის გარშემო მთელი ძალების თავმოყრა მოახდინონ. საუბარია წლის დასასრულამდე პერიოდზე, სანამ ზამთარი დადგება.
„რაც შეეხება მომდევნო წელსა და ტექნიკას, ოქტომბერში უკვე „ლენდ ლიზი“ ამოქმედდება. ვიცით, რომ ახლა შეზღუდული პაკეტებია, [რამდენიმე ასეული მილიონიანი პაკეტებით ხდებოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება] თუმცა, ეს პაკეტები საკმარისი იყო იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიის შეტევები გაეჩერებინათ, მაგრამ იმისთვის, რომ საპასუხო შეტევაზე გადავიდნენ, ამას დამატებით რამდენიმე მექანიზებული ბრიგადის ფორმირება სჭირდება, დაკომპლექტებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით.
ამისი მასობრივი მიწოდების რესურსები ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ, ერთადერთი ესაა შეერთებული შტატები, რომელსაც ათასობით დაკონსერვებული ასეთი ტიპის ტექნიკა ჰყავს. საუბარი მაქვს მაგალითად ჯავშანტრანსპორტიორ M 113-ზე, რომლის დიდი რაოდენობით მიწოდებაც უკვე დაანონსებულია.
ასევე საარტილერიო სისტემები, მაგალითად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ სერიოზულ პრობლემად დგას სტანდარტული ლულიანი არტილერია, ანუ, ჰაუბიცები და ქვემეხები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ სტანდარტული, დიდი რაოდენობით სამიზნეებისთვის გამოიყენონ.
ყველაფერს HIMARS-ებს და მაღალი ღირებულების საბრძოლო მასალას ვერ ესვრი, ამიტომ საჭიროა დიდი რაოდენობით ლულიანი არტილერია, ანუ ჰაუბიცები, რომ მცირე მიზნები მაქსიმალურად დაამუშაონ, რისი დიდი რაოდენობით მიწოდებაც მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია M 109 ტიპის ჰაუბიცების სახით და აქ რამდენიმე ასეულზეა საუბარი“– თქვა „ფორტუნას“ ეთერში ინაშვილმა.
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
სამხედრო შეიარაღების ექსპერტის მოსაზრებით, როგორც კი „ლენდ ლიზი“ დაიწყება, შეერთებული შტატებიდან არის საუბარი, რომ ამ ტექნიკის მიწოდება საზღვაო გზით მოხდება, რაც რაოდენობრივად ბევრად უფრო გაზრდის ტექნიკის მიწოდებას, რადგან ევროპიდან [რუმინეთიდან ან პოლონეთიდან] სახმელეთო გზით მიწოდებული ტექნიკა იმ რაოდენობის ვერ იქნება, რაც დავუშვათ დიდი სადესანტო ხომალდით შეუძლიათ გადაიტანონ.
„როგორც კი „ლენდ ლიზი“ ამოქმედდება და აქტიურ ფაზაში შევა, უკვე შეიძლება მეტ-ნაკლები საუბრები იმაზე, რეალურად რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
ერთია ხარკოვის გაწმენდა, სადაც რუსული ძალები ძალიან იყო შესუსტებული და მეორეა დონბასსა და ყირიმზე შეტევა, რაც საერთოდ სხვა საკითხია, რადგან ეს მიმართულებები რუსების მიერ სერიოზულადაა გაძლიერებული – საფორტიფიკაციო ნაგებობების ასეულ კილომეტრიანი ქსელებით, ტექნიკის დიდი რაოდენობით, და შესაბამისად, რუსული ნაწილები უფრო მომზადებულ თავდაცვით პოზიციებში არიან.“ – განაცხადა გადაცემაში – „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან ერთად“ გიგა ინაშვილმა.