LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტუდენტი გავხდი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა“ – 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია, მეგი თათეიშვილი სტუდენტი გახდა

206
Capture

7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია – 45 წლის მეგი თათეშვილი, რომელმაც წელს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა, უკვე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„შეიძლება ითქვას, რომ წელს ჩემი ოჯახის 7 წევრი ისწავლის უნივერსიტეტში. ბევრისთვის გასაკვირია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მე ვარ – სტუდენტი გავხდი – ეს კი ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულებას ნიშნავს. სტუდენტი გახდა ჩემი ვაჟიც, გოგონამ კი მაგისტრატურაზე ჩააბარა. რა გითხრათ, ემოციებით სავსე წელია.

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების მიმართულება ავირჩიე – იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოვხვდი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, ჩემთვის სწავლა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებით ისტორიის გამოცდის მეშინოდა. ვღელავდი ქართულის გამოცდაზეც – ორივე საგნის მასწავლებელმა სრულიად უანგაროდ მამეცადინა. ვფიქრობ, ალღო კარგად ავუღე. ქართულის მასწავლებელს ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა, შვილები ხომ არ მიწერდნენ თემას. სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. როცა საფუძველი გაქვს, ეს ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, მაინც ჩემი მოტივაცია იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ვერც ზოგიერთის ფრაზამ – „რა დროს შენი სწავლაა“ – ვერ ჩამიქრო.

თუ ადრე ცხოვრებას დუნედ მივუყვებოდი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა მიმეხედა. ამ ტრაგედიას, რა თქმა უნდა, მძიმე ემოციური ფონი და ჯანმრთელობის შესუსტება მოჰყვა. ყველაფერი დავძლიე – გასაჭირმა უფრო მებრძოლი და მიზანდასახული გამხადა. ჯერ მართვის მოწმობა ავიღე, შემდეგ კი ახალი მიზანი დავისახე – განათლების მიღება. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ასაკის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია – ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი და ახლა სხვებსაც ვურჩევ, არ დანებდნენ.

ყოველმხრივ მამხნევებდნენ ოჯახის წევრები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი. სწავლაში ძალიან მიწყობდნენ ხელს ჩემი თანამშრომლებიც. გამოცდებმა მშვიდად ჩაიარა. ზოგს დამკვირვებელიც კი ვეგონე – იმ დღეებში არაერთი სახალისო ისტორია გადამხდა.

არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს და იმას, თუ რა დაბრკოლებები შეგხვდა – როცა გაგაჩნია პოტენციალი, შენი მომავალი თავად უნდა შექმნა. თქვენს გვერდზე ჩემ შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ რამდენიმემ მომწერა: „სხვებისთვის იმის თქმისაც კი მრცხვენოდა, რის გაკეთება მინდოდა…. ახლა კი მიზნად დავისახავ და თქვენსავით, აუცილებლად შევასრულებო“, – ასეთი არაერთი გამოხმაურება მხოლოდ მაბედნიერებს.

მინდა ყველას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც მარტოხელა დედები, მეუღლეები არიან, ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ამის გაკეთება განათლების მიღების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივ სტატუსს – განათლებული ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, მოქმედებს და აზროვნებს. მინდა, ყველას ვუსურვო წარმატება! არასდროს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე და ყველაფერი გააკეთონ მათ ასახდენად!“,- აღნიშნავს მეგი თათეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g