სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ცვლილება შევიდა. კერძოდ, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება.
პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.
პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების, ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:
ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე – მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება.