LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფთა ჰაერი, დაწყნარებული ნერვები, ცოტაც ექსტრიმი და ბევრი სილამაზე – ეს მტირალაა (ფოტო)

725
IMG-3693

საქართველო მართლაც რომ დალოცვილი მხარეა. ეკონომიკის დონეს და ინფრასტრუქტურას არ ვგულისხმობთ, უბრალოდ რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდე, ყველგან დადებითად დაიმუხტები – რა ჯობი რაჭას, რა ადგილებია კახეთში, რა ლამაზია თუშეთი, აქეთ ყაზბეგი, ხევსურეთი, ფშავი, სამეგრელოს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადგილები, იმერეთისა და გურიის მაღალი დასახლებები, ბორჯომის ხეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სვანეთი და ა.შ. გაუთავებლად. საოცარი ბუნება გვაქვს და გემოვნების ამბავია ვის რა მოსწონს, მაგრამ მართლაც გამორჩეულია აჭარის რეგიონი. ხულოს, გოდერძის, ბეშუმს და სხვა მაღალმთიან ადგილებს რომ თავი დავანებოთ, ბოტანიკური ბაღი ხომ განსაკუთრებულად თვალწარმტაცია და რა შეედრება, თუმცა აჭარაში არის კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ადამიანის ხელი ბოლომდე არ შეხებია და რჩება გამორჩეულ ძეგლად – მტირალას პარკი.

 

მტირალას ეროვნულ პარკში მოსახვედრად ჩაქვიდან უნდა გადაუხვიოთ და ვიწრო გზით დაახლოებით 20-30 წუთში მიხვალთ.

ეროვნული პარკის ფართობი 16 ათას ჰექტრამდეა. პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს. სწორედ ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ გაეცნოთ პარკის სპეციფიკას, მომსახურებებს, ტარიფებს, ტურებს და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.

მტირალას პარკში ფუნქციონირებს 1 და 2-დღიანი მარშრუტები. დიდი, ორდღიანი მარშრუტი და მოკლე, წაბლნარის ჩანჩქერთან და ტბასთან მისასვლელი. ეს შედარებით მარტივია და ასაკოვანი ხალხიც დადის და ბავშვებიც.

ორივეგან ნებადართულია ცურვა. ჩანჩქერთან არის მდელო, სადაც პიკნიკსაც მოაწყობთ. მინუსი ალბათ ის არის, რომ სეზონზე აქ ხალხი საკმარისადაა და მეტი სიმშვიდისთვის ცოტა გვერდით გასვლა მოგიწევთ.

ბილიკები მარკირებულია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.

პარკის ტერიტორიაზე (შესვლიდან მალევე) “თოკების პარკია” მოწყობილი.
ატრაქცია ხეებზეა გაშლილი და სხვადასხვა სირთულეების წინაღობების დაძლევა მოგიწევთ. თოკები, ხიდები, ხის მორები, ბადეები – ეს ყველაფერი სხვადასხვა სიმაღლეებზეა და ექსტრემის მოყვარულებისთვის მშვენიერი გასართობია, რომელიც ზიპლაინსაც მოიცავს.

“თოკების პარკით” სრგებლობა 15 და 20 ლარია სირთულის მიხედვით.

 

 

ხოლო სანამ თოკების პარკთან მიხვალთ, საბაგირო გადასასვლელით უნდა ისარგებლოთ, რომლის ფასი 2 ლარია (ორივე გზა) და თავად უნდა ატრიალოთ.

ადგილობრივის მიერ შექმნილი საბაგირო აჭარაში, რომელსაც დანახარჯი არ აქვს [ვიდეო]

 

პარკისკენ მიმავალ გზაზე და უშუალოდ პარკთანაც უამრავი კვების ობიექტია, სადაც ძირითადად ქართულ და ბუნებრივია აჭარულ კერძებს დააგემოვნებთ (სინორი, ბორანო, კაიმაღი, ბაქლავა და სხვა). ბუნებაში, მდინარის პირას ეთნოგრაფიულად მოწყობილ ადგილზე დანაყრებას მაინც სხვა გემო აქვს.

ზოგადად ტურისტული და გასართობი ნაწილი მტირალას მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

 

მტირალა დიდი ხნის არ არის. საბჭოთა დროს არსებობდა კინტრიშის ნაკრძალი. მხოლოდ 2007 წლის ივნისში გადაწყდა, რომ აჭარის ტყის ნაწილი ეროვნულ პარკად ექციათ. რამდენიმე წლის შემდეგ კი აქ საექსკურსიო ავტობუსები გამოჩნდნენ.

მთელი წლის განმავლობაში აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მას ჩვენი ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო უწოდეს.

პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია იშვიათი, ენდემური სახეობები და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები. პარკის მკვიდრები არიან გარეული ცხოველები, ამფიბიები, მტაცებელი ფრინველები.

ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g