მანჩესტერში საკონცერტო დარბაზში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი გარდაიცვალა, 59-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. „ბიბისის“ ინფორმაციით, პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.
მანჩესტერის პოლიცია აცხადებს, რომ ორშაბათს, ღამით, ადგილობრივი დროით 22:35 საათზე მიღეს შეტყობინება,რომ საკონცერტო დარბაზში გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. Manchester Arena-ზე არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა.
დარბაზში მყოფთა ნაწილი ამბობს, რომ ორი აფეთქების ხმა გაიგეს, ნაწილი კი მხოლოდ ერთს იხსენებს.
ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება დარბაზის Manchester Arena ფოიეში მოხდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა „ბიბისის“ განუცხადეს, რომ დაშავებულებმა სხეულის დაზიანება ანასხლეტების მოხვედრის შედეგად მიიღეს. პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, არ მივიდნენ საკონცერტო დარბაზის სიახლოვეს.
ევაკუირებულია ახლოს მდებარე ვიქტორიას რკინიგზის სადგურიც.
აფეთქების მომენტში კონცერტი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და სცენაზე აღარ იმყოფებოდა არიანა გრანდე. პოპვარსკვლავმა „ტვიტერზე“ მოგვიანებით დაწერა, რომ შოკირებულია და ძალიან წუხს მომხდარის გამო.
EXPLOSION AT MANCHESTER ARENA AND EVERYONE RAN OUT SO SCARY😭 pic.twitter.com/pJbUBoELtE
— ♡♡ (@hannawwh) May 22, 2017