„გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“, – ამის შესახებ სუს-ის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ახალი დეტალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ერთადერთ საბოლოო ლოკაციად ჩანს თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
„როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ – სუს-ის ცნობით, დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნითიერება „კოკაინი“.
ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.