რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულმა მეუფე გრიგოლმა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მეუფემ კომენტარი მედიასთან გააკეთა:
“ბუნებრივია, ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს, რაც მე შევატყვე, თუმცა მხნეობას არ კარგავს. ეტყობა სახის ფერზეც, მოძრაობა ცოტა შენელებული აქვს, რომ ვიცით, როგორ ტყვიასავით არის…
რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის რატომ შიმშილობს და მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე საუბარს არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებას”, – განაცხადა მეუფემ.
როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა დაწესებულებაში შესვლამდე აღნიშნა, მას სააკაშვილთან მიაქვს წმინდა წერილი, რომელიც იზოლაციაში მყოფ ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება:
“რა მიზნით შეიძლება პატიმართან სასულიერო პირი მივიდეს? ეს არის კანონით ნებადართული საკითხიც, ვალდებულებაც და უფლებაც. წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია”, – თქვა მეუფე გრიგოლმა.
ჟურნალისტების კითხვაზე – ხომ არ გადასცემს სააკაშვილს პატრიარქის დანაბარებს, მეუფემ უპასუხა:
“უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს”.
შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში 1 ოქტომბრიდან იმყოფება.