LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სვანეთში ჰესების მშენებლობა რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს”

166

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია,  საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ”, – განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობა რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 “რაც შეხება მესტიის რაიონს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა. დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტი უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა, მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით.

„შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“-განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ  ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.

ამასთან, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს თანხობრივად შეადგენს დაახლოებით 1 500 000 ლარს (ქონების გადასახადი და მიწით სარგებლობის გადასახადი).

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სს“ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ენერგეტიკულ სექტორში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%).

ხოლო თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო“-ს შვილობილ კომპანიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g