ტაილანდში, ტაქსის კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარ ავტომობილებზე ბოსტნები გააშენეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, მძღოლებმა სასურველი შედეგის მიღება პოლიეთილენის პარკების და ბამბუკის ჯოხების გამოყენებით შეძლეს.
უჩვეულო პერფორმანსით ტაილანდელებს ეკონომიკური პრობლემებისადმი მთავრობის ყურადღების მიქცევა სურდათ – კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ფონზე ტაქსისტები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
აქციაში ორი კომპანია ჩაერთო და როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, ათასობით ავტომობილი ფარეხში გააჩერეს, რადგან სამუშაო ფიზიკურად აღარ ჰქონდათ. საუბარია სულ 2500 ტაქსიზე და ბოსტნები სწორედ მათ სახურავებზე გააშენეს. უმუშევრად დარჩენილმა მძღოლებმა ბოსტნეულის და მწვანილეულის მოყვანა დაიწყეს და იმედი აქვთ, რომ მთავრობა უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებს.