LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო აბაშიძე: „როცა ჩემთან იწყებ ურთიერთობას, უნდა იცოდე, რომ არ ვარ უსაქმური და ვერც შენს უსაქმურობას ავიტან…“

645
თაკო-აბაშიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, თაკო აბაშიძე.

რა ასაკში მიხვდი, რომ მსახიობი უნდა ყოფილიყავი?

ძალიან პატარა ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი მუსიკაც, ფორტეპიანოს ვსწავლობდი, ვგალობდი, დავდიოდი ყველაფერზე, ყველა ენაზე, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის აქტიური ცხოვრება. დედა, მამა, ყველა ჩემთვის ცხოვრობდა, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. მერე გართულდა ცხოვრება საქართველოში და ყველაფერი გამოვიყენე, ყველა პროფესია გამომადგა.

შენი პირველი წარმატება…

ეს იყო მაშინ, როცა ვიყავი სტუდენტი მსახიობი. იყო ფესტივალი „საჩუქარი“, სადაც გავხდი საუკეთესო სტუდენტი მსახიობი ქალი და მომცეს ჯილდო. ასევე ინსტიტუტში სწავლების დროს, დამწყებმა რეჟისორმა გადამიღო სარეკლამო ფილმში და გააგზავნა ფესტივალზე. კუსტურიცამ აარჩია სწორედ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ოღონდ მე ამის შესახებ არ ვიცოდი, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტით გავიგე ეს ამბავი, საოცრად ბედნიერი ვიყავი.

შენზე წავიკითხე, რომ ხუთჯერ მოგიტაცეს…

მაშინ, იმ პერიოდში მოდაში იყო ეს. ხუთჯერ მომიტაცეს, რაც ახლა სასაცილოდ მახსენდება. პირველი მიტაცების დროს 15 წლის ვიყავი, ის ბიჭიც პატარა იყო. შეყვარებულები ვიყავით. ეს რომ ჩემმა ძმამ გაიგო, მანქანით აგვედევნა და ყელა გაიქცა, მარტო დავრჩი მანქანაში. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მიხარია, რომ ახლა სხვა თაობაა, ძალიან მიყვარს ეს თაობა. მათ იციან, რომ მთავარია ცოდნის მიღება. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი პატარა ასაკში გააზრებული გქონდეს… თუმცა 10 წლის შემდეგ დავოჯახდი და ესეც ფიასკოთი დასრულდა. სამაგიეროდ, ახლა გვაქვს მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ფანტასტიკური ურთიერთობა. ვთვლი, რომ პირად ურთიერთობაში რბილი და მომთმენი ვარ, მაგრამ შეიძლება, ერთ წამში წავიდე, სკანდალები არ ვიცი, მე ვიცი გაქრობა. დღეს არაჩვეულებრივ ფაზაში ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ზოგადად, როცა ჩემთან იწყებ ურთიერთობას, უნდა იცოდე, რომ არ ვარ უსაქმური და ვერც შენს უსაქმურობას ავიტან. ვერ იტან მუქთახორა ადამიანებს.

დრამატურგია თუ კომედია?

ზოგადად, დრამატურგია უფრო მარტივია სათამაშოდ, იუმორი კი ბეწვის ხიდია. ეს არის გემოვნება და სირთულე, ბევრად მარტივია, აატირო ადამიანი, ვიდრე გააცინო. მე „ჩიფსების თაობიდან“ გამიცნო ხალხმა, ამას მოჰყვა „ჩემი ოფისი“, „ქალთა სახეები“ და ა.შ…

როლი, რომლის შესრულებაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა…

ეს იყო საფრანგეთში, ვთამაშობდი ფრანგულ ენაზე და გამარჯობისა და ნახვამდის გარდა, არაფერი ვიცოდი, ამიტომ სრული ტექსტი უნდა დამეზეპირებინა, თანაც სულ რაღაც10 დღე მქონდა. თუმცა, დიდი წარმატებით ჩაიარა ამ სპექტაკლმა. მაშინ ძალიან დიდი გამოცილება მივიღე.

თაკო და მუსიკა…

რაც შეეხება ჩემს სასიმღერო კარიერას, ის გამომდინარეობს იქიდან, რომ კარგად იყიდება. ამიტომ, მუდმივად ვაახლებ რეპერტუარს და ცდილობ, ყველაფერი იყოს მოთხოვნაზე მორგებული. ვცდილობ, შევქმნა პროდუქტი, რომელიც ყველგან გამომადგება.

იყო შენს ცხოვრებაში რთული პერიოდი, მშობლების კუთხით, ალცჰაიმერის დაავადებას ვგულისხმობ

დედასაც ალცჰაიმერი აქვს და მამასაც ჰქონდა, მამა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ეს დაავადება ორივეს ერთდროულად დაემართა. იყო მომენტი, როცა ვთქვი, რა კარგია, რომ დედას ალცაჰაიმერი აქვს-მეთქი, ეს იყო მაშინ, როცა მან საყვარელი ადამიანი დაკარგა, მან სრული სიმძაფრით ვერ აღიქვა ეს ყველაფერი. დედას არ აქვს განსაკუთრებულად აგრესიული ფორმა… მცნობს, თუმცა, ზოგჯერ აქვს აგონიური მომენტები, შფოთვები.

დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა, იყო მომენტები, როცა ერთმანეთს ვეღარ ცნობდნენ და აგრესიულებიც ხდებოდნენ ერთმანეთის მიმართ.

თუკი ადამიანი გიყვართ, ყველაფერს მოერევით, მთავარია ადამიანები ვიყოთ ტოლერანტულები ამ დაავადებისა და ერთმანეთის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები