LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩორგოლაშვილი: „წლევანდელი ზაფხული გავატარეთ ჩვენ სამმა – დედაჩემის ემოციები უნდა გენახათ, როცა ვუთხარი, რომ ჩემთან და მიასთან ერთად ესპანეთში უნდა წამოსულიყო…“

1899
თაკო ჩორგოლაშვილი

თაკო ჩორგოლაშვილისთვის წლევანდელი ზაფხული დაუვიწყარია, რადგან დიდი ხნის ოცნება აისრულა და საზღვარგარეთ, კერძოდ მალიორკაზე დედასა და ქალიშვილთან, ექვსი წლის მიასთან ერთად დაისვენა. დედისთვის ეს მოგზაურობა სიურპრიზი იყო და მანამდე არ გაუმხილა, სანამ ყველა დეტალი არ მოაგვარა. fortuna.ge-ს ვოიაჟის განსაკუთრებულ მომენტებს უზიარებს.

თაკო, როგორი იყო შენი ზაფხული?

ეს ზაფხული ძალიან მინდოდა, ყოფილიყო განსაკუთრებული და ვისთან ერთად იქნებოდა, თუ არა ჩემთვის მნიშვნელოვან ორ ქალთან ერთად?! – ეს არის დედაჩემი და ჩემი შვილი. ერთად გავემგზავრეთ ესპანეთში, ეს რამდენიმე დღე, დარწმუნებული ვარ, სამივეს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ მოგონებად დარჩება.

საზღვარგარეთ ეს იყო ჩვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობა, მე და მიაც ნამყოფები ვართ ცალკე ერთად და მე და დედაც, უფრო მეტად საქართველოს პირობებში ვახერხებდით ერთად გამგზავრებას. წელს, როგორც იქნა, მოვაბი თავი, რომ სამივე ერთად წავსულიყავით საზღვრებს გარეთ. გვინდოდა და მოტივირებულები ვიყავით, რომ გამორჩეული ზაფხული გვქონოდა.

რა თქმა უნდა, მე და დედაც მიას გარშემო ვტრიალებდით. ის ექვსი წლისაა. ვიყავით დინოზავრების პარკში, ასევე ყველაზე დიდი აკვარიუმში. მია ძალიან კმაყოფილი იყო, დედაჩემის დასვენება კი გულისხმობს მიას ბედნიერებას.

გახლდით მალიორკაზე. მიამ ახლახან ისწავლა ცურვა. ინავარდა ულამაზეს სანაპიროებზე. სრული ერთი კვირა დავყავით იქ.

მერე გამოვემგზავრეთ საქართველოში და ვისვენებდით ქობულეთში, იქაც კარგად დავისვენეთ.

რა არის შენი დასვენების მთავარი ინდიკატორი?

ჩემი შვილია ყველაფრის ინდიკატორი. მთავარი ენერგია, რომელიც მთელი წელი უნდა მეყოს, მოდის ოჯახიდან. ვერ წარმომიდგენია, რომ დასვენებისა და თავისუფლების დღეები მათთან ერთად არ გავატარო. დედაც ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანია. არ მჯერაო, სულ ამ სიტყვებს ამბობდა, მეც ათჯერ მეტი სტიმული მაქვს, როცა მას ბედნიერს ვხედავ.

ეს მოგზაურობა დიდი ხნით ადრე მოფიიქრე და დაგეგმე?

როგორც კი გავარკვიე შვებულების თარიღები, ზაფხულამდე დავგეგმე. დედაჩემს ვუთხარი, მე და მია მივდივართ-მეთქი. შარშან მე და მია წავედით დისნეის მოსანახულებლად. დედასთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა და შეგნებულად არ ვუთხარი, რომ სამივე ერთად მივდიოდით… როცა თარიღი მოახლოვდა, გავუმხილე და უნდა გენახათ, როგორი ემოციები ჰქონდა.

ყველაფერი მაინც ფინანსებს უკავშირდება, რას შეძლებ და რას – ვერა. როცა არის ამის საშუალება და მადლობა ღმერთს, არის, მაქსიმალურად გინდა, რომ შენთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი ვინცაა, ის გაახარო. ამ სიამოვნებას არ ვიკლებ ხოლმე.

განსაკუთრებულ რუჯს როგორ იღებ, გაგვიმხილე?

არა მაქვს განსაკუთრებული რეცეპტი. ჩემი კანი მარტივად იხუტებს მზის სხივებს. დამცავებს ვიყენებ, მეტ-ნაკლებად, ყოველ წამს ვერ ვისხამ, მაგრამ როგორც კი წყლიდან ამოვდივარ, ვიყენებ. რუჯს მარტივად ვიღებ.

სასექტემბროდ რა გეგმები გაქვს?

ძალიან ბედნიერი გეგმები მაქვს. იწყება ძალიან დატვირთული სეზონი, პირველ რიგში, „დილა მშვიდობისა საქართველოში“, მთელი ძალებითა და მუხტით ვემზადებით.

უმნიშვნელოვანესი წარმატება უკავშირდება ჩემთვის სანუკვარ პროექტს „ნიჭიერს“, მისი ყველაზე ერთ-ერთი ერთგული მაყურებელი ვიყავი ბევრი წელი და მახსოვს განცდა, როცა ეს პროექტი პირველად ვნახე ტელევიზიით. ადამიანები საკუთარ ოცნებებში რაღაცებს ვბედავთ ან ვერ ვბედავთ. თითქოს ხელშეუხებელი იყო და არასდროს დამინახავს ჩემს ოცნებებშიც კი ჩემი თავი ამ პროექტში. წარმოიდგინე, რა დამემართებოდა, როცა გავიგე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ამ სივრცეში. „რუსთავი ორს“ აქვს საკუთარი გუნდის მიმართ საოცარი დამოკიდებულებები. თუ შენ ეს გინდა, თუ გულით ინდომებ, თუ შრომობ, ამ შესაძლებლობების კარს ყოველთვის ხსნის. ყველაზე მეტად მინდა, რომ მათ, ვინც ამ პროექტის წამყვანობა მანდო, იმედები არ გავუცრუო. პასუხისმგებლობა რომ დამაკისრეს, მინდა, გავამართლო. დღეს ამ გუნდის და სივრცის ნაწილი ვარ და მსურს, რომ პროექტი ყველაზე მაგარი იყოს. გულწრფელად ვიტყვი, რომ მგონია, ასეთი სეზონი არასდროს ყოფილა, ჩვენს არხზე ძალიან დიდი ფეიერვერკი დატრიალდება. „ნიჭიერი“ 24 სექტემბერს უკვე დაიწყება და ვემზადები მთავარი ტალღისთვის.

9 სექტემბერს ვიწყებთ დილის გადაცემის ახალ სეზონს. „დილა“ ჩემთვის როგორი ოჯახია, ერთ მუშტად და გუნდად შეკრული ამბავია, ეს არავისთვის უცხო არ არის. ჩვენ შორის განსაკუთრებულ სიყვარულს მაყურებელი გრძნობს. ამას ტრაფარეტულად არ ვამბობ. ადამიანები ჩემ ირგვლივ ყოველთვის აღნიშნავენ და გრძნობენ, ამ განსაკუთრებულ სიყვარულსა და თავდადებას, რომელიც დილის გადაცემას თან ახლავს. მიხარია, რომ 24-საათიან რეჟიმში ადამიანების ფუსფუსი ფასდება…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g