პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭოში ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა. საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს დაამტკიცა და რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.
„სამწუხაროა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უკრაინა და მისი მხარდაჭერა, სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე. მოსაზრებები გაიყო და ევროპის საბჭოში ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა.
ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა.
საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციას თავდაპირველად მხარი დაუჭირა. იქ მოცემულ წინადადებას მხარს ვუჭერთ. უფრო ბევრად წონიანი რეზოლუციები იყო, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვერ დადგება საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
“ნაცმოძრაობამ” რაც კითხვის ქვეშ დააყენა, ეს ზუსტად არის ქვეყნებს შორის მეგობრობა და საერთაშორისო იმიჯი. მათ ზუსტად ამ გათვლით დააინიცირეს და შემოიტანეს ცვლილებები. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატისა და სააკაშვილთან სუბიექტურად დაკავშირებული რამდენიმე დეპუტატის მიერ დაინიცირებული შესწორება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
