LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას – უფლება არ მაქვს საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო

57
ირაკლი კობახიძე

„საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას – მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას: მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალებას რეზოლუციისთვის მხარი იმ ცვლილების გარეშე დაეჭირათ, რომელიც სააკაშვილს უკავშირდებოდა. როგორც მანვე აღნიშნა, უშუალოდ კენჭისყრაზე მხარდაჭერა არც იოსელიანს დაუფიქსირებია და შესაბამისად, შედეგებში იოსელიანის გვარიც არ არის ასახული.

ლევან იოსელიანის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციაზე მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა”

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან ტყუილი მოვისმინეთ. მათ თქვეს, თითქოს ჩვენ შეგვეძლო მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, რაც ტყუილია. როცა საბოლოოდ გამოდის კენჭისყრაზე რეზოლუცია, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით.

როცა ბოლოს გამოვიდა რეზოლუცია კენჭისყრაზე, მასში იყო უკვე ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ფონს გასვლას, არ ვიცი, ვერც გადიან. 

რაც შეეხება, ლევან იოსელიანს მან გადაწყვიტა ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, მან თითი არ მიაჭირა ღილაკს, როცა კენჭი ეყრებოდა რეზოლუციას და შემდეგ მიმართა PACE- ს ხელმძღვანელობას, რომ ის მხარს უჭერდა რეზოლუციას, მაგრამ ცვლილების გარეშე, თუმცა თუ ჩახედავთ კენჭისყრის შედეგებს, ნახავთ, რომ იქ იოსელიანის გვარი არ არის,“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა რეზოლუციის მთავარ სულისკვეთებას და აპირებს თუ არა საქართველომ გაიზიაროს რეზოლუციის მოწოდება და აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, კობახიძემ უპასუხა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორების პოზიციებს დაელოდებიან, საკუთარ სულისკვეთებაზე კი ვერ ისაუბრებს.

„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე.

მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს, მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში,“ – განაცხადა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, კობახიძემ უპასუხა, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მას არ აქვს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას. მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები