ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებას, სადაც ჩაწერილი იყო სააკაშვილის მეგობრების მიერ ინიცირებული ცვლილება, რომ სააკაშვილს საქართველოში დევნის რუსეთი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის სიტყვებით, „რასაც „ლელო“, ხოშტარია, სამადაშვილი და ოპოზიციის ეს ნაწილი ლაპარაკობს ორი დღის განმავლობაში – სიცრუეა.
ლევან იოსელიანის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციაზე მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა”
„ეს რეზოლუცია ინიცირებული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. პირადად მე გახლავართ ამ კომიტეტის წევრი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე, უმრავლესობის სახელით მხარი დავუჭირე რეზოლუციის თავდაპირველ, ანუ ორიგინალ ვერსიას, რომელიც იყო რუსეთთან დაკავშირებით ინიცირებული და ითვალისწინებდა უკრაინის მხარდაჭერას. ეს გადამოწმებადია, შეგიძლიათ, ნახოთ კენჭისყრის ოქმი. ამის შემდეგ კომიტეტზე მხარდაჭერილი რეზოლუციის ვარიანტის განხილვამ გადაინაცვლა პლენარულ სხდომაზე. აქ, მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირ დაკავშირებულმა ადამიანებმა, ვინც სუბიექტურად არიან მასთან დაკავშირებული, ამ ადამიანებმა დააინიცირეს ცვლილება მთავარ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მხარი დავუჭირეთ, გივი მიქანაძე სხდომაზე ღიად გამოვიდა და განაცხადა, რომ ჩვენ ამ ცვლილებით მხარს ვერ დავუჭერდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი “საქართველოს აშანტაჟებს”.
„სამკურნალოდაც იყო წასული, კარიერული წინსვლისთვისაც იყო წასული, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ყველაფერი შეეძლო იქ გაეკეთებინა, სადაც იყო და დღეს გამოდის, რომ ის აშანტაჟებს საქართველოს, რომ თუ არ გადამიყვანეთ, გამათავისუფლებთ და ა.შ. მაშინ თქვენ სულ გექნებათ პრობლემები. ევროპის საბჭოში, რეზოლუციაში და სხვაგან. ხელისუფლებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, დღეს არა სააკაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.
ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.