23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტებისა და გარდაცვლილის ოჯახის წევრების ადვოკატის განცხადებით, ცხედარზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, რადგან გვამური მოვლენები იყო შორს წასული. მიუხედავად ამისა, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სიკვდილის ხანდაზმულობის ვადა 3-5 დღეა.
გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება: შსს
გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.
ექსპერტიზის წინსწარი დასკვნის მიხედვით, რომელიც ოჯახს უკვე გაეცნო და გვამის ზედაპირული დათვალიერების შემდეგ არის შედგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ცხედარს არ აღენიშნებოდა ღია ტრავმული ან ძვლების დაზიანებები, არც ცეცხლსასროლი ჭრილობები.
რაც შეეხება სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენას, ექსპერტების თქმით, ამისთვის მათ სჭირდებათ ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, რომლისთვისაც ნიმუშები აღებულია. ექსპერტები რეკომენდირებულად მიიჩნევენ კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებასაც სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით.
დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ექსპერტიზის შედეგები გაცილებით ინფორმაციული იქნებოდა, ახალგაზრდა ქალის ცხედარი უფრო ადრე რომ ეპოვათ.
