LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „გვჭირდება ძლიერი პროტესტი, რომელიც რეჟიმს არყევს იქამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი პროცესებზე კონტროლს არ დაკარგავს და მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებებს არ დათანხმდება“

151
თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესში პოლიტიკოსების როლზე, მათ შორის შეთანხმებაზე სოციალურ ქსელში წერს, თუ „რა სისტემას ვაფუძნებთ ცვლილების შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მომავალი ოლიგარქებისგან და მეგალომანიაკი ბელადებისგან დაიცავს.“

„მეგობრებო, წარმოიდგინეთ რომ ხართ ექიმი – ონკოლოგი. გადასარჩენი გყავთ ონკოპაციენტი, რომელიც მოდის და გევედრებათ, რომ გამოლოცვებით გადაარჩინოთ.

რას აკეთებთ – გამოლოცვას იწყებთ, თუ ქიმიოთერაპიას? აი, წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გეხვეწებათ, მუხლებში გივარდებათ, რომ გამოულოცოთ და გადაარჩინოთ!

რას აკეთებთ? გამოლოცვას იწყებთ და კლავთ, თუ მის გადარჩენას იწყებთ იმ მკურნალობით, რასაც თქვენი პროფესიონალიზმი გკარნახობთ?

იგივეა პოლიტიკოსიც. როგორც ექიმს სჭირდება ადამიანის ორგანოების, სისხლძარღვების, ძვლების სისტემის ცოდნა, ზუსტად, ზუსტად და ზუსტად ასე სჭირდება პოლიტიკოსს პოლიტიკური სისტემის და პროცესის ცოდნა.

როგორც ექიმს სჭირდება, იცოდეს, მისი მოქმედება რა ეფექტებს და გვერდით ეფექტებს გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელების გზაზე, ზუსტად, ზუსტად ასე სჭირდება პოლიტიკოსს, იცოდეს, ესა თუ ის ნაბიჯი რა როლს შეასრულებს, რა ეფექტს და გვერდით ეფექტებს გამოიწვევს ქვეყნის გამოჯანმრთელების გზაზე.

როგორც ექიმი, რომლის ერთადერთი კაპიტალიც მისი პროფესიონალური რეპუტაციაა, გეუბნებით:

1. გვჭირდება ძლიერი პროტესტი, რომელიც რეჟიმს არყევს იქამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი პროცესებზე კონტროლს არ დაკარგავს და მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებებს არ დათანხმდება.

პროტესტი უფრო დიდანს გასტანს თუ დეცენტრალიზებული იქნება და ერთი ლიდერი არ ეყოლება.

2. გვჭირდება პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება გაწონასწორების და შეკავების სისტემაზე – რა სისტემას ვაფუძნებთ ცვლილების შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მომავალი ოლიგარქებისგან და მეგალომანიაკი ბელადებისგან დაიცავს. (სასამართლო, ტერიტორიული დეცენტრალიზაცია, ინსტიტუციური დეკონცენტრაცია)

ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ პოლიტიკური ძალებიც შეიძლება შეთანხმდნენ:

ა) სასამართლო რეფორმაზე – ნაფიცი მსაჯულების რადიკალური გაფართოება;

ბ) სუსის დაშლაზე – რამდენიმე სააგენტოდ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქვეშ იქნება კონკურენციის და ბალანსის უზრუნველსაყოფად.

გ) რადიკალურ დეცენტრალიზაციაზე თვითგამორკვევის პრინციპით და თვითმმართველი ერთეულების რეალურ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე.

ამ ფართო შეთანხმების მიღწევა შეიძლება მოხდეს პრეზიდენტის გარანტიით – ის ამისთვის მზადყოფნას აცხადებს.

ამის მიღმა:

3. დამღუპველი იქნება უშინაარსო ერთობები (ძვლის ტვინის გადანერგვა წარმოიდგინეთ – ხომ უნდა მიიღოს ორგანიზმმა). ეფექტური იქნება შინაარსიანი ერთობები:
რომელი პარტიაც ჩვენს შინაარსს გაიზიარებს და პასუხისმგებლობას აიღებს შესრულებაზე – ჩვენი კარი მათთან ერთობისთვის ღიაა.

ევროპული საქართველო გასული წლების განმავლობაში მუშაობდა იმ შინაარსზე, რაც ცვლილებებმა უნდა შეიძინოს და მზად გვაქვს ყველა რეფორმა.

არ არსებობს პარტია, რომელსაც ამხელა სამუშაო აქვს გაწეული – უზარმაზარი შინაარსი შევქმენით.

ეს შინაარსი ხელმისაწვდომია და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გავხდით.

ნახეთ, წაიკითხეთ პარტიებმა – თუ იზიარებთ და პასუხისმგებლობას გაინაწილებთ ჩვენთან ერთად ამ შინაარსის შესრულებაზე, მოდით.

არადა უშინაარსო ერთობა ბიძინას გამარჯვების გზაა და ამას ჩვენ არ დავთანხმდებით.

! და კიდევ ერთი მთავარი განსხვავება დანარჩენ პარტიებთან:

ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხი არის გონიერი.

ყველაფერი, რაც ევროპულმა საქართველომ გასული სამი წლის განმავლობაში აკეთა, გათვლილია იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის გონიერი.

და ახლაც, როცა ამას ვწერ, იმ გათვლით ვწერ, რომ ხალხი გონიერია და მიხვდება, რომ ჭეშმარიტებას ვწერ.

თავისუფალ, სამართლიან, ახალ რესპუბლიკას გაუმარჯოს“. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მაისს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. დედაქალაქის სხვადასხვა მდებარეობებზე კი მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი უკვე 1 თვეზე მეტია, გრძელდება.

მეგობრებო, წარმოიდგინეთ რომ ხართ ექიმი – ონკოლოგი. გადასარჩენი გყავთ ონკოპაციენტი, რომელიც მოდის და გევედრებათ რომ…

Posted by Tamara Chergoleishvili on Wednesday 15 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g