LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანიას გადადგომა, საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, ცესკოს ახალი თავმჯდომარე ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსესუსით უნდა იყოს არჩეული: ნიკა სიმონიშვილი

75
ნიკა სიმონიშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადომასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ „ცალკე აღებული თამარ ჟვანიას გადადგომა, საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს“. სიმონიშვილი აცხადებს, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსესუსით უნდა იყოს არჩეული, რადგან თუ მაქსიმალური კონსესუსით, ანუ 2/3-ით არჩევა მოხერხდება, ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით, უფრო მაღლა აიწევს.

სიმონიშვილის თქმით, ცესკოს მომავალ თავმჯდომარეს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს, თუმცა აცხადებს, რომ ცესკოს მომავალ თავმჯდომარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი კანონმდებლობით აღარ მოითხოვება, რაც დადებითი ცვლილება არ არის.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას და პრეზიდენტისთვის შეთავაზებას არ აპირებს.

„თამარ ჟვანიას გადადგომა უნდა შევაფასოთ ერთიან კონტექსტში თუ რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. შესაძლებელია, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თამარ ჟვანიას მიეღო და შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მმართველ გუნდს ჰქონოდა. საინტერესოა თამარ ჟვანიას გადადგომით შეიცვლება თუ არა რაიმე, საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ცალკე აღებული თამარ ჟვანიას გადადგომა, საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

რადგანაც ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად სწორად ჩატარდა თუ არა გასული არჩევნები, ან რამ იქონია ამ ყველაფერზე გავლენა, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მთლიანად ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო. ცესკო წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და რა თქმა უნდა გადაწყვეტილებებიც მიიღება კოლეგიალურად. შესაბამისად, თამარ ჟვანიას გადადგომით ვერ ვიტყვით, რომ რაღაცები რადიკალურად შეიცვლება. შემდგომი ნაბიჯია, რომ ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტმა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რომელიც მაქსიმალური კონსესუსით უნდა იყოს არჩეული და როგორც ახალი კანონმდებლობა გვეუბნება ეს უნდა მოხდეს 2/3-ით, თუ ეს ასე არ მოხდება შემდეგ ჯერზე 3/5 ან თუ კიდევ ვერ მოხდება, უბრალო უმრავლესობით უნდა იყოს არჩეული.

ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსესუსით არჩეული. თუ ისინი მაქსიმალური კონსესუსით იქნებიან არჩეულები ანუ 2/3-ით, ამ შემთხვევაში ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით, უფრო მაღლა აიწევს.

ჩვენ არ განვიხილავთ იმას, რომ პრეზიდენტისთვის მოხდეს რომელიმე კანდიდატის შეთავაზება, თუმცა დავაკვირდებით პროცესებს და შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვინ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ის კრიტერიუმები რომლებიც იყო დაწესებული კანონმდებლობით ფაქტობრივად შენარჩუნდა, თუმცა ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი უკვე აღარ მოითხოვება ცესკოს თავმჯდომარისთვის, რაც საგულისხმო ფაქტია და ეს დადებითი ცვლილება არ არის. დანარჩენი კრიტერიუმები სამუშაო გამოცდილებასთან და კვალიფიკაციასთან მიმართებით ძალაში დარჩა.

პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს კანდიდატურები, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, ამ კანდიდატურების შერჩევა კი უნდა მოხდეს პრეზიდენტთან არსებული კომისიის მიერ. პრეზიდენტი შეარჩევს თითო ვაკანსიაზე ორ კანდიდატს  და დასანიშნად წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტმა კი 2/3-ით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ 2/3-ით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს პროცესს გაწელავს და სამი წევრის მათ შორის თავმჯდომარის გარეშე შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყოს ცესკო.

თუ კონსესუსით ვერ დაინიშნება ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები, ასეთ შემთხვევაში ხმების რაოდენობა ეტაპობრივად იკლებს და პირველი ორიც და 2/3-იც უნდა იყოს, მესამეც და 3/5 ანუ 90 ხმით და თუ მაინც ვერ იქნება არჩეული, ამ შემთხვევაში უბრალოდ უმრავლესობით უნდა იყოს არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და ასევე პროფესიული წევრები, თუმცა მათი უფლებამოსილების ვადა იქნება შეზღუდული 6 თვის ვადით, რაც კარგი გამოსავალი არ იქნება, რადგან კვლავაც გაჩნდება კითხვები, როგორც წევრებთან მიმართებით, ასევე ცესკოს თავმჯდომარესთან მიმართებითაც“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

ნიკა სიმონიშვილი ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი „სისტემის არასრულყოფილებას“ უკავშირდება.

„საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო სისტემის არასამართლიანობის ბრალია, რომ ოპოზიციას ყოველთვის აქვს ხოლმე არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება ჩატარებულ და არჩევნებთან დაკავშირებით. ბევრჯერ ვისმენთ ხოლმე, რომ არჩევნები გაყალბდა, არასწორად ჩატარდა და ა.შ. ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში სისტემის არასრულყოფილებამდე მივყავართ. ასევე მივყავართ იქამდე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, როგორც წინა ასევე სხვა არჩევნებზეც იყო არასამართლიანი. ფაქტობრივად ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი გავლენა ამ პროცესებზე, რითიც უმრავლესობას მოიპოვებდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები საკმაოდ მნიშვნელოვანია და პრინციპულად არის ასახული საკითხები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

magti 5g