ქართველ კლასიკოს მწერალსა და დრამატურგს, თამაზ ჭილაძეს ვაკის სასაფლაოზე ორ ოქტომბერს დაკრძალავენ.
მწერალს 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. პანაშვიდები გაიმართება 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს, 17:00 საათიდან ჩიქოვანის N22-ში.
თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
მწერალი 1931 წლის 5 მარტს, სიღნაღში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.
პირველი ლექსი თამაზ ჭილაძემ 15 წლის ასაკში დაწერა. მწერალი მუშაობდა „ცისკარში“ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში (1964-1972); იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1972-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი (1997-დღემდე).
ქართველს მწერალს მიღებული აქვს არა ერთი პრემია, მათ შორის რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997). მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.