LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს ალტარენატიული მოწყობილობები – რა შესაძლებლობების წინაშე დგას საქართველო?

232
1

ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური წნეხი – ეს “თამბაქოს ეპიდემიით” გამოწვეული შედეგებია, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში, დაახლოებით, 800 000 მწეველია და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება.

თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის მიუხედავად, ნიკოტინის მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების  შემცირების მიზნით, ჯანდაცვის ექსპერტები ცდილობენ, შექმნან სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მოწევისთვის თავის დანებებას, მოახდენს ახალგაზრდებს შორის მოწევის პრევენციას და დაიცავს პასიურ მწეველებს თამბაქოს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ამ პროცესში ისინი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ დისკუსიის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია არის საყოველთაო ჯანდაცვის პრაქტიკა, რომელიც ტრადიციული მოწევის ინოვაციური, ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი პროდუქტებით ჩანაცვლებას გულისხმობს. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტად კი ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები და სნუსი მიიჩნევა.

“თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რაში მდგომარეობს მისი სარგებელი. ზიანის შემცირების სტრატეგია გვთავაზობს ინტერვენციის ისეთ მიდგომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების, მათ შორის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგების მინიმალიზაციას”, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ანდრია ურუშაძემ.

მისივე თქმით, ზიანის შემცირების სტრატეგიის გატარება შესაძლებელია მოქნილი კანონმდებლობის შედეგად. ეს კი მთავრობებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

“თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიაზე საუბრის დროს უნდა გვესმოდეს, რომ მართალია, არსებობს პოტენციალი, მაგრამ ეს პოტენციალი არ არის სრულიად რისკისგან თავისუფალი”, – განმარტავს ანდრია ურუშაძე.

მისივე თქმით, თამბაქოს ზიანის შემცირებასა და ამ სტრატეგიისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესახებ ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციების პოზიციები განსხვავებულია. აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და Public Health England-ი, ასევე სამხრეთ ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები და ჯანდაცვის სისტემები აღიარებენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო უპირატესობას და ღია არიან დისკუსიისთვის.

როგორც ანდრია ურუშაძე ამბობს, 2020 წელს საბერძნეთში მიიღეს კანონმდებლობა, რომელიც თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ზიანის შემცირების სტრატეგიას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს ზრდასრულ მწეველთათვის მოწევის, თამბაქოს ალტერნატივებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით კი თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებებას, თუმცა, საჭიროა დამატებითი, გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების ჩატარება, რათა სრულად მოხდეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების რისკების შეფასებას.

სხვადასხვა გავლენიანი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ჯანმო მკაცრად არის განწყობილი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მიმართ.

“მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქიმიკატების შემცირება არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა ნაკლებად მავნე პროდუქტების რიცხვს მივაკუთვნოთ და მივიჩნიოთ ის, როგორც ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი საშუალება, რადგან მოწყობილობის აეროზოლში ვხვდებით რამდენიმე ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც სიგარეტის კვამლში არ არსებობს”, – ამბობს ანდრია ურუშაძე.

 ჯანდაცვის ექსპერტი თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ჯანმოს უნდობლობას შეიძლება იწვევდეს ეჭვი იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრია მოწყობილობებზე ჩატარებული კვლევების შედეგებს სრულად არ ასაჯაროებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელის უგულებელყოფა არ არის მართებული და ის განხილვის საკითხი უნდა გახდეს.

“თუ არსებობს რამე გზა იმისა, რომ ადამიანმა თავი დაანებოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და არსებობს ამის მეცნიერული საფუძვლები, მაშინ ეს პროდუქტი შეიძლება იქცეს კომუნიკაციისა და მსჯელობის საგნად”, – ამბობს ანდრია ურუშაძე.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ამტკიცებს, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს თამბაქოს მომხმარებელთა მხრიდან მოწევის შეწყვეტას. მაგალითად, ნორვეგიაში, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის – სნუსის გამოჩენის შედეგად 10 წელიწადში ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა, ისლანდიაში სნუსისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის კომბინაციის შედეგად სამ წელიწადში სიგარეტის გაყიდვები 40%-ით დაეცა, იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 42%-ით შემცირდა.

“თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესზე ზეგავლენას საკანონმდებლო პოლიტიკა ახდენს. მსოფლიოში არსებული პრაქტიკა მოწმობს, რომ მწეველებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ ნაკლები რისკის მქონე პროდუქტების მოხმარებაზე და ჩაანაცვლონ ტრადიციული თამბაქო. ამისათვის საჭიროა, მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მოწყობილობების, მათი შესაძლო უპირატესობებისა და რისკების შესახებ… დღეს ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევამციროთ ზიანი, დავაჩქაროთ მწეველთა ტრანზიციის პროცესი და გადავარჩინოთ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა ოტავის უნივერსიტეტის პროფესორმა და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა დევიდ სვეარონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g