“ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტში უნდა მოქმედებდეს სამართლიანი წესები, რომლითაც ოპოზიცია ჩართული იქნება საპარლამენტო თანამდებობის პირთა დანიშვნის პროცესში. ეს მოიცავს პარლამენტში ოპოზიციის რეალურ გაძლიერებას”, – აღნიშნულია “დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აქვე განმარტებულია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით, ოპოზიციას არ ენიჭება რაიმე რეალური ბერკეტი, რაც მას გააძლიერებდა. სწორედ ამის გამო, ინიციატივა საკანონმდებლო ნორმებით მანიპულაციას ჰგავს.
“დემოკრატიული ინდექსის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ყველა თანამდებობა უკავიათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია სხვადასხვა ხარვეზზე, მათ შორის:
კორუფციის რისკები:
“პოლიტიკური კორუფციის დროს, კორუფციაში ჩართულნი არიან პოლიტიკური თანამდებობების პირები, რომლებიც საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების შესაბამისად იღებენ ან აღასრულებენ კანონმდებლობას. პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი ფორმა არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენება, მათ შორის, მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი ოპოზიციისთვის თანამდებობებისა და საპარლამენტო პრივილეგიების მიცემა”.
საპარლამენტო თანამდებობებზე, კანდიდატურის წარდგენისა და პოსტის დაკავების შესაძლებლობა:
“კანონპროექტის მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში იმ პარლამენტის წევრებს, რომლებსაც უარი არ აქვთ საჯაროდ გაცხადებული საპარლამენტო მანდატებზე, შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები. მოქმედი პროცედურების მიხედვით, დასახელებულ საპარლამენტო თანამდებობებზე, კანდიდატურის წარდგენისა და მათი დაკავების შესაძლებლობა, ოთხი დეპუტატის შემადგენლობით, ოპოზიციას არ აქვს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტში უნდა მოქმედებდეს სამართლიანი წესები, რომლითაც ოპოზიცია ჩართული იქნება საპარლამენტო თანამდებობის პირთა დანიშვნის პროცესში. ეს მოიცავს პარლამენტში ოპოზიციის რეალურ გაძლიერებას. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით კი ოპოზიციას არ ენიჭება რაიმე რეალური ბერკეტი, რაც გააძლიერებდა ოპოზიციას, რის გამოც ინიციატივა საკანონმდებლო ნორმებით მანიპულაციას ჰგავს.” – აღნიშნულია განცხადებაში.
“დემოკრატიულ ინდექსში” ამბობენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერების ნაცვლად, ცალკეული პარლამენტის წევრები მიიღებენ მხოლოდ თანამდებობრივ სარგებელს:
► გაზრდილი სახელფასო ანაზღაურება (ვიცე სპიკერის რანგში 2 000 ლარით მეტ ხელფასს);
► ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აპარატში თანამშრომლების დანიშვნის შესაძლებლობა (რომელთა თვიური სახელფასო ანაზღაურება 1 800 ლარიდან 3 500 ლარამდეა);
► სამსახურეობრივი ავტომობილები (წელიწადში საშუალოდ 5-7 ტონა საწვავით) ასევე სხვა თანამდებობრივი პრივილეგიები.
„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული თანამდებობები არ სარგებლობენ რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვით, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების მოთხოვნით, ორგანიზაცია მე-9 მოწვევის პარლამენტს, ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში აღნიშნული თანამდებობების გაუქმებას მოუწოდებდა.
“რჩება შთაბეჭდილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამით ცდილობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, რათა დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დაეთანხმება მათ მოწოდებას, უარს არ იტყვის მანდატზე და ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის მოწოდებას, საპარლამენტო თანამდებობების დაკავების სურვილს ღიად გამოთქვამს. შედეგად, საპარლამენტო თანამდებობები ხდება არა საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების, არამედ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რომლითაც შეინიშნება პოლიტიკური ძალების მოსყიდვის მცდელობა მათი მხრიდან პოლიტიკური ლოიალურობისა და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად”. – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
