ირაკლი ბერაია არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ, ყოველთვის ამას ვიტყვი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს რეაგირება სთხოვა იმაზე, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები უფლებამოსილებას ამეტებენ და დეპუტატებს სხდომათა დარბაზიდან დაუმსახურებლად აძევებენ.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის გუშინ, 6 მარტს თავდაცვის კომიტეტიდან კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ უსაფუძვლოდ გააძევა.
„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან უმსგავსო ფაქტი მოხდა თავდაცვის კომიტეტზე. ბატონმა ბერაიამ დამატოვებინა დარბაზი. მე არ მიმაჩნია ეს სწორ პრაქტიკად, მე არაფერი დამიშავებია გუშინ იმისთვის, რომ ვინმეს საიდანმე გავეძევებინე და გთხოვდით თქვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რომ ასეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას და თავი კაცები ჰგონიათ, მაშინ როდესაც რაღაც პატარა უფლებამოსილებას მიიღებენ…
ემოციები ისედაც აწეულია, მე არ მინდა ემოციების აწევა, მაგრამ ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ იაგო ხვიჩიას ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ „უმსგავსობის გამო და სამხედროების შეურაცხყოფის გამო მოუხდა, იაგო ხვიჩიას დარბაზის დატოვება“.
როგორც ირაკლი ბერაიამ ბიუროს სხდომაზე განმარტა, თავდაცვის კომიტეტიდან იაგო ხვიჩიას გაძევების მიზეზი სხდომაზე მყოფი სამხედროების შეურაცხყოფა და რეგლამენტის დარღვევა იყო.
„ეს უღირსი ადამიანები გუშინ აყენებდნენ შეურაცხყოფას სამხედროებს, კითხვის ნიშნებს სვამდნენ, თუ რატომ არიან ისინი საერთოდ პარლამენტში, რატომ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, რა უნდათ ფორმიან ადამიანებს, სამხედროებს პარლამენტში და მოიხსენიებდნენ მათ უღირსად. არღვევდნენ რეგლამენტს, გამოდიოდნენ სიტყვით თავმჯდომარის ნებართვის გარეშე და რეგლამენტის დარღვევისთვის, სამხედროების შეურაცხყოფისთვის მოუხდა ბატონ ხვიჩიას დარბაზის დატოვება.
საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ვიღაც ამ ოკუპანტებიდან ავლებს მავთულხლართს, ვიღაც აკავებს ადამიანს და ასეთი ადამიანები, ამ დროს, საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ არ წავიდნენ ჯარში და ეს არის მიზანმიმართული დასუსტება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის. ამ უმსგავსობის გამო, სამხედროების შეურაცხყოფის გამო ამ ადამიანს მოუხდა გუშინ დარბაზის დატოვება. ნებისმიერი მცდელობა სხდომის ჩაშლის, ჯარის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის, სამხედროების და თავდაცვის ძალების შეურაცხყოფის არასდროს არ დარჩება რეაგირების გარეშე, ეს ძალიან კარგად დაიმახსოვროს ამ ადამიანმა“, – განაცხადა ბერაიამ.