LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ქართული მეღვინეობის დაწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება

240
381620257_1042367246774211_2228957001706665549_n

თუ წინანდლის მამულში ღვინის მარანს ეწვევით, დაინახავთ, რომ თაროზე გვერდიგვერდაა განთავსებული „წინანდალი“, „საფერავი“, „შატო ლაფიტი“, „შატო იკემი“ და სხვა ღვინოები. ეს სანახაობა ერთგვარი ექსპოზიციაა იმისა, თუ როგორ გვიყვება ერთი მარანი მთელი საქართველოს ისტორიას თავისი მრავალფეროვნებით. ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამული ქართული ბუნების ზუსტი ასახვაა. გვერდიგვერდ განთავსებული ავთენტიკური ტრადიცია, სტუმარ-მასპინძლობით ფესვგამდგარი ისტორია, ევროპული საწყისები და აქტიური მეურნეობა – ეს არის ღვინო „წინანდალი“.

XIX საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოში ღვინის დაყენებისა და მირთმევის ევროპული წესი დანერგვას ცდილობდა. ამიტომ, 8000-წლიან უძველეს ტრადიციას წინანდალში ევროპული ელფერი შესძინა და ქვევრის ღვინოს ევროპული კლასიკა შეუზავა. თანამედროვე ქართული მეღვინეობის დაწყება სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. თავადმა 1835 წელს ბანკიდან ერთი მილიონი მანეთიც კი ისესხა იმისთვის, რომ მამულის გასავითარებლად სოფელ წინანდალში დიდი ღვინის მარანი აეშენებინა, ღვინის ლაბორატორია მოეწყო და ღვინის წარმოება უფრო გაეფართოებინა. შედეგად, 1839 წელს პირველად საქართველოში ბოთლის ღვინო სწორედ წინანდალში ჩამოისხა.

ქარხნის წარმატებულმა მუშაობამ აჩვენა, რომ ფეოდალური მეურნეობის ღვინის წარმოება კაპიტალისტურ რელსებზე ნელ-ნელა გადადიოდა. მცდელობამ გაამართლა – მალე წინანდლის ღვინომ სახელი რუსეთის იმპერიასა და ევროპაშიც გაითქვა. ღვინოზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ ყურძნის დამატება გახდა საჭირო. მამულების შემოერთების გეგმას სათავეში რუსეთის იმპერიის საუფლისწულო მამულების დეპარტამენტი ჩაუდგა. 1880-იანი წლებიდან სოფელ წინანდალსა და მის შემოგარენში ჰექტრობით მიწა შეისყიდეს (ჭავჭავაძეების, ანდრონიკაშვილების, ზურაბაშვილების, ბახუტოვების, როტინიანცების, აზნაუროვების, ჩიჟავაძეების და სხვა თავადების მამულები). ამ რაოდენობის ყურძენს ქარხნისა და საკასრე/მარნის გაფართოებაც დასჭირდა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ წარმოებული ღვინო, რომლის სახელიც ამჟამად რეგისტრირებულია, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება „წინანდალი“, ქართული ღვინის ისტორიაში დღემდე გარდამტეხ ეტაპად ითვლება. ამ ღვინის პოპულარობასა და ხარისხს საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე მოპოვებული 10 ოქროსა და 9 ვერცხლის მედალი ადასტურებს.

ღვინო „წინანდალი“, რეგისტრირებული სპეციფიკაციის მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ თეთრი მშრალი და წითელი მშრალი.

თეთრი ღვინო ღია ჩალისფერია. აქვს უზადო, ნაზი, რბილი, ხალისიანი, ჰარმონიული და დახვეწილი გემო. გამოხატული აქვს გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი მინდვრის ყვავილების, ხილისა და ციტრუსის ტონებით. დავარგებისას ღვინოს მკვეთრად გამოხატული ხილის ტონები უვითარდება. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 11% უნდა იყოს , საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – არაუმეტეს 15%, შაქრიანობა კი – არაუმეტეს 4 გ/ლ.

წითელი ღვინო კი ფერად მუქი წითელია. უზადო, სავსე, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემოთი. მასაც გამოხატულად აქვს ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი და დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ხილის ტონები. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 11% უნდა იყოს, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – არაუმეტეს 15%, შაქრიანობა კი არაუმეტეს 4 გ/ლ.

„წინანდალი“ თეთრი მზადდება მხოლოდ რქაწითლისა და მწვანე კახურის ვაზის ჯიშებისგან, ხოლო „წინანდალი“ წითელი – მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნიდან. ღვინის ორივე სახეობა მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან, რომლის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 19%.

„წინანდლის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ წინანდლის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან, რომლის არეალი მოიცავს სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, რუისპირი, ყარაჯალა, გულგულა და იყალთო.

ადგილწარმოშობის დასახელება „წინანდალი“ საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g