LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტარიფები არაადეკვატურია და მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს“ – NGO-ებმა და კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე კვლევის შედეგები წარადგინეს

184
ჯანდაცვის წარმომადგენლები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ, საზოგადოებას კვლევის შედეგები წარუდგინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. 

არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის პროგრამით გათვალისწინებული, წინასწარ გაწერილი ფინანსური რესურსი მინიმალურია, რაც საბოლოოდ, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე აისახება.

„ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის კვლევის ცენტრმა“, ასევე „მონაცემთა კვლევის ჯგუფმა“ საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების ცვლილება მოითხოვეს.

კვლევის წარდგენას კლინიკების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ.  დოკუმენტის კვლევა გასული წლის, ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდა.

კვლევის ავტორებს და ორგანიზაციებს სურვილი აქვთ, რომ დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შედგეს.

როგორც „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის“ დირექტორმა, ნინო მერსეკაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო სექტორი იმ ტარიფების ცვლილებას ითხოვს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პირობებშია დაწესებული და რომლითაც პაციენტებისა კერძო სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურება ხდება, ასევე, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არაადეკვატურია და მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს იმისათვის, რომ შესაბამისობაში იყოს დღევანდელ სიტუაციასთან“, – განაცხადა ნინო მერსეკაშვილმა.

ექიმი ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით კი, კვლევაში გამოიკვეთა ის, რომ პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, თავიანთ უფლებებს ნაკლებად იცნობენ და „ჯიბიდან გადახდის კომპონენტი“, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებში, სამწუხაროდ, ჯერ ისევ საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ამიტომ, გამოდის, რომ პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები არიან, მაგრამ ისინი არ არიან ბოლომდე კმაყოფილები იმ სერვისებით, რაც მიეწოდებათ – ეს ერთი და მეორე, მათ მაინც უწევთ სერიოზული დანახარჯების გაწევა, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად”, – თქვა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება კლინიკებს, როგორც „ევექსის“ კლინიკების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, ტარიფების მთლიან დანახარჯზე – 60-70%-ზე ერთი და იგივე თანხაა დაწესებული, მნიშვნელობა არ აქვს მულტიპროფილურია, როგორი ხარისხის კლინიკაა, მცირე ზომისაა თუ დიდი.

„ბუნებრივია, ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი გავლენა კლინიკების დანახარჯებზე, თანაბარი ტარიფები გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომელი რეგიონია, რა მოცულობისაა – ეს ერთი მხრივ არასწორია და მით უმეტეს, რომ ეს ტარიფები არის 2013 წლამდე არსებულ ტარიფებზე კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე 2022 წელს.

მით უფრო, რომ ამდენი ინფლაცია, ვალუტის დევალვაცია და ბუნებრივია, რომ თვითღირებულება გაზრდილია და ეს ტარიფებში უნდა აისახოს”, – განაცხადა „ევექსის“ კლინიკების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

 

 

magti 5g