მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, საკუთარ რეიტინგებზე დაყრდნობით, 2024-25 წლების მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების მქონე ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველო 29-ე ადგილზე მოხვდა.
კულინარიული პლატფორმა 80-ზე მეტი ქართული კერძის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, თუმცა ტურისტებს განსაკუთრებულად აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ამოლესილი ლობიოს დაგემოვნებას ურჩევს.
აღნიშნული რეიტინგის სათავეში, რომელიც 100 ქვეყანას აერთიანებს, ბერძნული სამზარეულოა. ხუთეულში ასევე მოხვდა იტალიური, მექსიკური, ესპანური და პორტუგალიური სამზარეულოები.
რაც შეეხება მსოფლიოში 100 საუკეთესო კერძის რეიტინგს, მასში 46-ე ადგილი ხაჭაპურმა დაიკავა, რომელთან დაკავშირებითაც ვკითხულობთ, რომ საქართველოში ხაჭაპურის 50-ზე მეტ ვარიანტს აცხობენ და თითოეული მათგანი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ყველისა და ცომის კომბინაცია. TasteAtlas-ი დასძენს, რომ ხაჭაპურს საქართველოს რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ფორმა აქვს – ის შეიძლება იყოს მრგვალი, კუთხოვანი ან ნავის ფორმის. აღნიშნულია ისიც, რომ ხაჭაპური, რომელიც ქართული კულინარიის სიმბოლოს წარმოადგენს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს და რომ საქართველოში 27 თებერვალს ხაჭაპურის დღე აღინიშნება.