„ღამის შოუს ბენდის“ წევრს თათა გიორგობიანს, როგორც აღმოჩნდა, სიმღერასთან ერთად, ცეკვაც ძალიან კარგად ეხერხება.
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას პარტნიორობას რატი გაჩეჩილაძე უწევს.
წყვილი საკმაოდ კარგ კომენტარებს იმსახურებს ჟიურისგან და მაყურებლის სიმპათიაც უხვად აქვს.
თათა გიორგობიანმა პროექტის ირგვლივ fortuna.ge-ს კითხვებს უპასუხა.
თათა, გივლია ცეკვაზე აქამდე?
პატარა ასაკში დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თუმცა ლათინური ცეკვები სულ სხვა მიმართულებაა, ტანის სხვანაირად დაჭერა და ტექნიკა სჭირდება. ჩემი რეჟიმის მქონე ადამიანისთვის რთულია, ცეკვის კარგად სწავლა მოასწროს. რა თქმა უნდა, სირთულეა საკონკურსო ფორმატიც, – „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ შეჯიბრების სახე აქვს და მაქსიმალური უნდა გააკეთო, რომ ღირსეულად წარდგე მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.
ნერვიულობა რამდენად აისახება კონკურსის დღეს? გშველის თუ არა ის, რომ მომღერალი ხარ და ეს ღელვა ნაცნობია შენთვის…
კონცერტსაც ახლავს გარკვეული ღელვა და ეს პასუხისმგებლობის გრძნობით არის გამოწვეული. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კიდევ სხვანაირი ღელვაა, რადგან მე ხომ არ ვარ პროფესიონალი მოცეკვავე. ეს სხვა ამპლუაა ჩემთვის. ვცდილობ, ადამიანებმა არ თქვან, რა უნდოდა ცეკვის კონკურსშიო და ბუნებრივია, უფრო მეტი ღელვაა, ვიდრე სიმღერისას.
ნოე სულაბერიძემ შენ და ბაბის ერთად შემოგთავაზათ მონაწილეობა…
და მე თავიდან უარი ვთქვი. არ ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. რეპეტიციებზე ჩანს რეალურად, რა შეგიძლია და უკვე კონკურსის დღეს – კიდევ უფრო მეტად ჩანს. არ მინდოდა, ეფიქრათ, რომ ამბიცია მაქვს, მაგრად ვცეკვავ და აბა, რა, უნდა მივიღო მონაწილეობა-მეთქი. შემდეგ ოჯახის წევრები, დედა, მეგობრები დამელაპარაკნენ და მირჩიეს გარისკვა.
ძალიან კარგია, რომ ამ რისკზე წახვედი. მაყურებელი აშკარად კმაყოფილია შენი მონაწილეობით. კონკურენციას ბაბი კირკიტაძესთან აღიქვამ სერიოზულად?
მე და ბაბი ვმეგობრობთ წლებია და ყოველდღიურად ერთად ვცხოვრობთ ფაქტობრივად, ბუნებრივია, ხალხი ერთმანეთს გვადარებს, მაგრამ ჩვენთვის ეს სახალისო მომენტია, თავად კონკურენციას ვერ ვგრძნობთ, ჩვენ შორის არის კარგი კომუნიკაცია, დაწყობილი და მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ზოგად კონკურენციას, იქაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ვამხნევებთ ერთმანეთს და მეგობრული სიტუაციაა. როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი, როცა ფინალს მივუახლოვდებით, არავინ იცის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შენარჩუნდება ის გარემო, რაც უკვე არის…
ჩაცმულობაზე მინდა გკითხო. შენ გიყვარს თამამი სამოსი, მაგრამ ასეთ სამოსში ცეკვა რამდენად კომფორტულია?
სხვათა შორის, ჩემი სასცენო და საეკრანო იმიჯი ძალიან განსხვავდება ყოველდღიური სამოსისგან, მაცვია დახეული ჯინსი, ბოტასი, სპორტულად და კომფორტულად მიყვარს ჩაცმა, თუმცა სცენას, შოუს, ცეკვებს მით უმეტეს, ვფიქრობ, უხდება ბრჭყვიალა და თამამი ტანსაცმელი. იქ ისეთი მოძრაობებია, უსვამს ხაზს სხეულს, კუნთებს, მოძრაობებს, ილეთებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მოკრძალებულად ვიცვამ.
ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი დიზაინერი, რომელიც დიდი ხანია, ამ პროექტზე მუშაობს – ლაშა ჯოხაძე დიდი ყურადღებით უდგება თითოეულ მონაწილეს და იმას, რომ მონაწილეები არ ფიქრობდნენ სამოსზე და არ აწუხებდეთ რაიმე დეტალი, ასევე გამოიყურებოდნენ ძალიან ლამაზად. დიდი მადლობა მას.
ჟიურის წევრებისგან კომპლიმენტებით ხართ განებივრებულები, თუმცა ამ ორშაბათს ცოტა კრიტიკაც დაიმსახურეთ. შენზე ეს როგორ მოქმედებს?
საკონკურსო ფორმატში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, თუმცა როცა პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, გააზრებული მქონდა, რომ იქნებოდა დადებითი შეფასებებიც და უარყოფითიც. ახლა ვიწყებ ამ ცეკვების ათვისებას და არ ვარ პროფესიონალი, ბუნებრივია, იქნებოდა შენიშვნები, ვითვალისწინებ და ვცდილობ, დავხვეწო ის, რაც შესასწორებელია. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჟიურისა და მაყურებლების წინაშე…
რატი გაჩეჩილაძე ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავეა. მისი პარტნიორობა დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. ბევრს ხომ არ ითხოვს შენგან?
რატის და მის მეუღლეს, კარინა ლისენკოს ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსი აქვთ მოგებული. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, რომ მყავს ასეთი მეწყვილე. არის პროფესიონალი, კრიტიკული, მკაცრი და მომთხოვნი. მეხუმრებოდა, შენ იცი, რაში არ გაგიმართლა? ცეკვა რომ შეგიძლია, ამის ფონზე უფრო მეტს მოგთხოვო. პირობა აასრულა. სულ მეუბნება, რომ მეტი უნდა. ამ ტურში იმდენად დიდი ნომერი გვქონდა, გადაბმებმა დაკარგა ილეთები. ნომერი ცოტა გაიწელა და ნაკლებად დადებითი შეფასებები მივიღეთ, თუმცა ამასაც გავითვალისწინებთ, ვაჩვენებთ მოკლედ, ლაკონიურად და ძირითად ილეთებს. ძალიან გამიმართლა, რადგან რატის ვუგებ ხასიათშიც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მოგიდგეს სწორად. თავიდან, როცა მაჩვენებს ხოლმე, რა უნდა ვიცეკვოთ, ვეუბნები, რატი, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ შემდეგ ყველაზე უკეთ სწორედ ის ილეთები გამომდის და ეს არის ძალიან საინტერესო.
რას ელოდები ამ პროექტისგან და მართლა ელოდები თუ არა იმას, რომ ბაბისთან ერთად ფინალში აღმოჩნდე?
(იღიმის) პროექტისგან ველოდები სხეულის დახვეწას, თვითშეფასების მომატებას. გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, დავუახლოვდი მათ და ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად რეპეტიციებზეც და ლაივებზეც. ჩემთვის ეს არის მთავარი. პროექტი იწყება და მთავრდება, ურთიერთობები რჩება, პირველ რიგში, ადამიანები ვართ. ჩემთვის დიდი პატივია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა, თუმცა თუ ამას მოგებაც და პრიზებიც დაემატება, ამას რა ჯობია? (იღიმის).
არსებობს ადამიანი, ვისთვისაც განსაკუთრებულად ცეკვავ?
(იღიმის) მივხვდი, რასაც მეკითხებით, მაგრამ ვცეკვავ პირველ რიგში, საკუთარი და მაყურებლის სიამოვნებისთვის. ეს ადამიანები არიან ჩემი მოტივაცია. ამას ვაკეთებ რატისთვისაც, რადგან ისე სჯერა და სწამს ჩემი, უბრალოდ, არ მაქვს უფლება, რომ მას იმედები გავუცრუო…