LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის ძალების თანამშრომელი სამინისტროს სამხედრო ფეხსაცმელებს და ფორმებს ბაზრობებზე ყიდდა (ვიდეო)

501
609

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ-მ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 9882 ლარის ღირებულების სამხედრო ფორმები და ფეხსაცმელები მიითვისა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, პ.გ ფორმებს სხვადასხვა ადგილებზე ყიდდა, მათ შორის ე.წ ნავთლუღის ბაზარში.

“სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.

პ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. “ნავთლუღის ბაზრის” სავაჭრო ობიექტებიდან.

პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პ.გ. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წლის 5 ივნისს პ.გ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი” – აღნიშნულია ინფორმაციაში.