LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრის ცოლს დედამთილმა 30 000 დოლარი აჩუქა

192
ჯუანშერ ბურჭულაძე

2022 წელს, თავდაცვის მინისტრის ცოლს, დედამთილმა 30 ათასი დოლარი აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციაში, თავად მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ასახა.

ნინო მხეიძემ დედამთილისგან უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში ერთად გამოიმუშავეს: მინისტრმა 2022 წელს ხელფასის სახით აიღო 68 834 ლარი, მისმა მეუღლემ კი 1532 ლარი.

 

დეკლარაციის თანახმად, 2022 წელსვე ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა ორ ბანკში იპოთეკური სესხის დასაფარად შეიტანა.

2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 1 დოლარის ღირებულება 2,67 ლარიდან 3,4 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად გამოდის, რომ დედისგან მინისტრის ოჯახმა მინიმუმ 80 ათასი ლარი, მაქსიმუმ კი 102 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად.

მინისტრს 8 შვილი ჰყავს. აქედან ხუთის შესახებ მონაცემები შეყვანილია დეკლარაციაში – მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური ბებიამ 5000 ლარით დააფინანსა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები შევსებულ დეკლარაციებში უთითებენ, რომ მშობლისგან ან მეუღლის მშობლისგან მრავალი ათასის ოდენობის საჩუქარი მიიღეს. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 29 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ მან 2021 წელს მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 150 000 ლარი. 150 000 ლარიანი საჩუქარი ოჯახისგან მას დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.

 

წყარო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები