დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს. მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა.
“ფორტუნა” მინისტრის ანგარიშიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გთავაზობთ.
ავიაციის შესაძლებლობების განვითარება
მინისტრმა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა.
“საკომიტეტო მოსმენისას მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ „სუ-25“-ს, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვნახეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ავიაციის მიზანი არა მხოლოდ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაა, არამედ საჰაერო ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, სამედიცინო ევაკუირების ოპერაციების ჩატარება, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერა და სხვა მსგავსი ფუნქციების შესრულება.
საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძემ საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში, კანონმდებლებს მიმდინარე წლის გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, წელს გარემონტდება ოთხი ერთეული „სუ-25“, ოთხი ერთეული „მი-24“ და სამი ერთეული „იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი.
ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.
თავდაცვის ძალების გაძლიერება
ჯუანშერ ბურჭულაძემ მოხსენებაში თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებზეც ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებაზე გაამახვილა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და რომლის მნიშვნელობა მსოფლიოსა და რეგიონში ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები.
შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. კონკრეტულად „თავდაცვის ძალები 2030″ მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატო-ს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება.
„დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს, დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.
თავდაცვის ძალების შეიარაღება
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.
„მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯავშანსატანკო და მექანიზებული ეფექტური საშუალებების შესყიდვა
თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე საუბრისას, მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა.
„რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისათვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მისი კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.
ნატო და პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება
როგორც თავდაცვის მინისტრმა მოხსენებაში აღნიშნა, დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე.
“მინდა გითხრათ, რომ სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცედენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით ჩვენი ჯარის მშენებლობისა და რეფორმირების საკითხში“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრი, რომელიც პარლამენტში უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ დეპუტატებს ანგარიშს აბარებს, აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე, ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის ძირითადი მიზნები მოიცავს შეკავებასა […]
საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს - მინისტრი
მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ კანონმდებლებთან აშშ-სთან წარმატებით მიმდინარე 3-წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებაზეც ისაუბრა.
ასევე, განსაკუთრებით გამოყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 8 ბატალიონი უკვე გაიწვრთნა და მიმდინარე წელს მე-9 ბატალიონიც დაემატება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის, ყოველწლიური სამხედრო ფინანსური დახმარებისთვის, თანამედროვე შეიარაღების შეძენის შესაძლებლობისთვის და ყველა იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი წლებია საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის იჩენენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც. მინიტრმა ხაზი გაუსვა ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის კოდექსის რეფორმა შეიმუშავა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმასაც გულისხმობს.
მისი თქმით, რეფორმის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი, ასევე შემცირდება სავალდებულო სამსახურის ვადები.
“ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს.
აღნიშნული ცვლილებების მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა”, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
