აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობათა ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული სახელმწიფოები მოუწოდებენ სომხეთსა და აზარბაიჯანს შეწყვიტონ ცეცხლი კონფლიქტის ზონაში.
ერთობლივი განცხადების ტექსტს, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.
მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე – კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ – და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს“ – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მთიან ყარაბაღსა და მოსაზღვრე რაიონებში 27 სექტემბერს დაიწყო.
კონფლიქტს ემსხვერპლა როგორც სამხედრო, ასეევ მშვიდობიანი მოქალაქეები აზერბაიჯანის და სომხეთის მხრიდან.
ამასათან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ დაადასტურა აზერბაიჯანის არმიის მიერ სტეფანაკერტის დასახლებაში კასეტური ბომბების გამოყენება და მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის საბრძოლო ტექნიკის გამოყენებისგან, რადგან მისი გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს კი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ორივე მხარისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.
დღესვე, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყების მთავარი წამქეზებელი და ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი იყო.
პარალელურად, დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანთან და კოლეგას ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.