ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილე, დაკავებული თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 46-ე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს, თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილების სირთულეები აქვს – ამის შესახებ თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
უფლებადამცველის თქმით, თემურ ქათამაძემ ამ პერიოდის განმავლობაში 20 კგ-ზე მეტი დაიკლო.
„თემურ ქათამაძე თავს უკვე სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეებიც. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დათანხმდება სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში მნიშვნელოვანი კლება, საუბარია 20 კგ-ზე მეტ კლებაზე, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას უახლოეს მომავალში აქვს სასამართლოში პროცესები ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის თავს კარგად გრძნობდეს, შეძლოს სასამართლო პროცესებზე დასწრება და საკუთარი პოზიციის ზეპირ სხდომაზე დაფიქსირება“, – განუცხადა მარიამ გაბროშვილმა „ტვ პირველს“.
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5-დღიანი პატიმრობისა და იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე ისევ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თემურ ქათამაძე საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული.
7 თებერვალს, თემურ ქათამაძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მისი პატიმრობა ძალაში დარჩა.
თემურ ქათამაძე უკვე, 46-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.