შთაბეჭდილებების ზღვა, ამოუწურავი ემოციები და მოგონებები, რომლებიც თქვენი გონებიდან არასდროს წაიშლება – ამ ყველაფერს საქართველოში მოგზაურობა მოგიტანთ, მთავარია საკუთარ ქვეყანაში ტურისტად ყოფნა არ დაიზაროთ. აქ ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩნეთ, რაც ჯერ კიდევ არ გინახავთ: ერთ-ერთი ასეთი კი, შესაძლოა, ყაზბეგში მდებარე დევდორაკის ტბა იყოს.
მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა, მოგეხსენებათ, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის.
მისი საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს.
ყაზბეგის ეროვნული პარკის სანახობათა შორის, განსაკუთრებულია დარიალის ხეობა, რომელზეც გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბაც.
სწორედ ამ ტბათაგან ერთ-ერთია დევდორაკის ტბა, რომლის ულამაზეს ფოტოსაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი აქვეყნებს. ჩანადირმა ფოტო ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia ატვირთა და როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს მოუწოდა, რომ აღმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა, იმოგზაურონ საქართველოში და გაატარონ ოთხივე სეზონი აქ.