LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი გაზის სუნით ყარს – “სრულიად სოციალური ქსელები აფეთქდა ამ თემით”

138

თბილისის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში გაზის სუნის მკვეთრ მატებაზე საუბრობს და ამბობენ, რომ საცხოვრებელ ბინებში სუნის გამო გაჩერება შეუძლებელია.

“მოკლედ, დღეს “ყაზტრანსგაზს” სარემონტო სამუშაოების გეგმით ბუბნებრივ აირში დაუმატებია ოდორანტი, რომ დაეფიქსირებინათ პრობლემური ადგილები, სადაც ბუნებრივი აირი ჟონავს. აყროლდა მთელი ქალაქი ლამის – ქუჩებში, სადარბაზოებში, ბინებში, ოფისებში სუნი დადგა, ონკანებიდან გაზის სუნი მოდის ამ ოდორანტის წყალობით. სრულიად სოციალური ქსელები აფეთქდა ამ თემით – ხალხი რეკავს ცხელ ხაზებზე, 112-ზე და არის ამბავი.
ანუ გამოდის, რომ ყველგან, სადაც ბუნებრივ აირში გარეული ოდორანტის სუნი დადგა ბუნებრივი აირი ჟონავს და აქამდეც ჟონავდა. უბრალოდ აქამდე მშვიდად ვსუნთქავდით გაზს, იმიტომ რომ სუნი არ ჰქონდა და ახლა სუნი აქვს და ავფორიაქდით,” – წერს ნინიკო რობაქიძე.

“ორი საათია ვრეკავ 112-ში და ყაზტრანს გაზში, ფალიაშვილზე საშინელი გაზის სუნია, მთელი ჩემი კორპუსი გახვეულია გაზში,” – წერს რუსუდან ვაშაკიძე.

ნათია ფანჯიკიძე : “გაზის სუნი დადგა ყველგან, ჩემს კორპუსშიც, სხვა ჩემი ფრენდებიც სხვადასხვა უბნიდან იგივეს წერენ. რა გამოდის? ჩვეულებრივ რეჟიმში, როცა აირს უსუნოდ გვაწვდიან, ვერც აღვიქვამთ, რომ თურმე ბომბზე ვზივართ მთელი ქალაქი. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, ისედაც მკვლელ ეკოლოგიას და შესაბამისად ჩვენს ჯანმრთელობას რა ემართება, თურმე ყველა მილიდან საწამლავი ჟონავს, და კიდევ უფრო რაღა სალაპარაკოა ის, რომ ზედმეტს გვახდევინებენ ჰაერში გაშვებული ზარალის ამოსაღებად.”

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზი“ განცხადებას აქვეყნებს.

„თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულის გამო, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს. გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g