10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.
ღონისძიება მიზნად ისახავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მკვლევრებს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და, ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული შედეგების და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მეცნიერები და მკვლევრები წარმოადგენენ მოხსენებებს სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.
„სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ღვინის დღეების ფარგლებში ტარდება. ყოველწლიურად ღვინის დღეებით მთელ საზოგადოებას ვახსენებთ, რომ ქართული ღვინო ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილია. „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ შედეგები ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების და მსოფლიოსთვის იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.