თბილისის აეროპორტში ტაქსით გადაადგილება ღამის საათებში არ შეიზღუდება. კომპანია Bene Exclusive-მ, რომელსაც თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს, მგზავრების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა უკვე მოაგვარა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიურად კვლავ “ბენე ექსკლუზივის” ავტოტრანსპორტი მოემსახურება, თუმცა თავად მგზავრს ღამის საათებში გადაადგილებისათვის საჭირო ნებართვა უნდა ჰქონდეს.
“ბენე ექსკლუზივი მგზავრებს მოემსახურება, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის კომენდანტის საათის დროს. იმგზავრეთ უსაფრთხოდ დეზინფექცირებული ავტომობილით. “ბენე ექსკლუზივი” : (032) 2 052 100”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Bene Exclusive ავრცელებს.
შეგახსენებთ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.