LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ფერადი ჩვენებით დაიხურა

149

თბილისის მოდის კვირეულის ოთხდღიანი მარათონი 22 აპრილს ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურა. მისი პერფორმანსი შეფასდა, როგორც ყველაზე განსხვავებული, მოდის კვირეულის ამ სეზონის განმავლობაში.

ქეთი ჩხიკვაძე, დიზაინერი:

კოლექცია უნდა ყოფილიყო ცოტა მხიარული, მაქსიმალურად ვეცადე, რომ შავი ფერი არ გამომეყენებინა, ძველი კოლექციების დეტალებიც იყო გამეორებული ახალ სტილისტიკაში. ჩვენების ინსპირაცია იყო ჩვენი ფრანგი კონსულტანტისა და ახლო მეგობრის შემოთავაზება. უდიდესი მადლობა ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ავთანდილს, ანუკას, გვანცა ჯანაშიას, თეონა ელიზბარაშვილს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მეგობრები მყავს გარშემო, ყაზახეთის მოდის კვირეულის დირექტორიც იყო ჩამოსული, რომელიც ასევე ჩემი მეგობარია.

რაც შეეხება თავად კოლექციას – კარგად ნახეთ, რომ ბევრი მასალა ვათამაშეთ ფეხსაცმელსა თუ ჩანთაზე, მოქარგული ყვავილების თუ ხავერდის. შედგა ჩემი კოლაბორაცია „სილუეტთან“, ცნობილი ბრენდია და საყურეების ახალი ხაზი გამოვიდა ჩემი მონაწილეობით.

თაკო ჩხეიძე, მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

მე, როგორც ორგანიზატორი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთხი დღის განმავლობაში ვიხილეთ შემდგარი, პროფესიონალი თუ დამწყები დიზაინერებისგან ძლიერი კოლექციები. დღევანდელი დღეც ძალიან სიმბოლურია და კარგ ნოტზე დასრულდა, ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია ლამაზ გარემოში ვიხილეთ. ჩვენი საერთაშორისო პრესა და სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ერთ-ერთი მოდის ქალაქია რეგიონში. წელიწადში ორჯერ იმართება თბილისის მოდის კვირეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტს, დიზაინერებს, არტგამოფენებს ვთავაზობთ მოსულ სტუმრებს. ყველას ვულოცავ ამ წარმატებას და გემშვიდობებით თბილისის მოდის კვირეულის მომავალ სეზონამდე (იღიმის).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g