LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად, კონცერტი გაიმართა

123
სკრინინგი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი და თიკუნა წიქარიშვილი. მუსიკოსებმა პოპულარული ნაწარმოებების შესრულების გარდა, საზოგადოებას კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.

„სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა ძალიან კარგი კონცერტი, რომელიც ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ. კონცერტის გზავნილია, რომ ჯანმრთელმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ იმ უფასო პროგრამებით, რომელიც ითვალისწინებს კიბოს გამოკვლევების ჩატარებას. ადრეულ სტადიაზე კიბოს გამოვლენა ეფექტიანი მკურნალობის საშუალებას იძლევა და ჯანმრთელობის საწინდარია“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

 

„ცოტა კიდევ მოითმინე გულო“

ნანი ბრეგვაძე ეკა მამალაძესა და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ასრულებს ლეგენდარულ სიმღერას – „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“.

ვიდეო: რადიო „ფორტუნა“

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, March 21, 2023

 

საინფორმაციო კამპანიის მიზანია, საზოგადოებას სრულიად ახლებურად დაანახოს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობა, ერთნაირად ჩართოს პროცესში ყველა სფეროს წარმომადგენელი, იქნება ეს სახელოვნებო სფერო, ბიზნესსექტორი თუ სხვა. ამასთან, წვლილი შეიტანოს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.