LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება

836
206512996-231221045499136-7646103227678658495-n

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის გახსნა  29 ივნისს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმი “ნუცა”. მთავარ როლებში მარი ჯანაშია, ჟანრი ლოლაშვილი, გურამ საღარაძე და რამაზ ჩხიკვაძე.

თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალის საკონკურსი კინოპროგრამას, მისი ოფიციალური პარტნიორი, კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც სტუდენდური ფილმები იქნება ნაჩვენები დიდ ეკრანზე.

სელექციის შედეგად, წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 11 ქვეყნის კინოსკოლის 32 ფილმი, რომელთა შორისაა ისრაელი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ინდოეთი, უნგრეთი, არგენტინა და საქართველო.

ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ჟიურის წევრები არიან: თეო ხატიაშვილი (კინომცოდნე), ლელა ოჩიაური (კინომცოდნე) და დავით ფირცხალავა (დრამატურგი/რეჟისორი). გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 ნომინაციაში: გრან-პრი; საუკეთესო მხატვრული ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო ანიმაციური ფილმი და საუკეთესო რეჟისურა.

სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია რამდენიმე ინდუსტრიული ღონისძიება:

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, სცენარის განვითარების ვორქშოფი გაიმართება 29 და 30 ივნისს, 11:00 საათზე, რომელსაც გაუძღვება ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიისა და ჰამბურგის მედიასკოლის (გერმანია) პედაგოგი კლაუდია მესემერი. გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის ქ. #16).

ეროვნული კინოცენტრის და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით „ფიჩინგ ფორუმი“ – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი ჩატარდება 1, 2 და 3 ივლისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის.: შოთა რუსთაველის გამზირი №19). ფორუმში მონაწილეობას იღებს 11 პროექტი, რომლის ავტორები ჯერ ფიჩინგ ვორქშოფში მიიღებენ მონაწილეობას, შემდეგ კი საკუთარ პროექტებს სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგენენ. პროდიუსრეი ვოვა ჯაჭარავა და რეჟისორები დავით ჯანელიძე და ქეთი მაჭავარიანი, 3 გამარჯვებულს გამოავლენენ, რომელთაც თბილისის მერიის ხელშეწყობით ფორუმის ფულადი საპრიზო ფონდიდან ჯილდოები გადაეცემათ. თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, “ფიჩინგ ფორუმის” პარტნიორია კინო კომპანია „ჯაგა გრიპი“ კი გამარჯვებულ პროექტებს ე.წ. „თიზერის“ მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველყოფს. სპეციალურად ფიჩინგ ვორქშოპის ჩასატარებლად, თბილისს, გერმანიაში მოღვაწე, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი რეჟისორი ზაზა რუსაძე ეწვევა, რომელიც ახალბედა რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ორ დღიან ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

ფესტივალზე, ახალი პროექტის “AMIRANI TALKS“ ფარგლებში, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები თავიანთი მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინოს მიმართულების სტუდენტებსა და კინომოყვარულებს. პროექტი, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. AMIRANI TALKS-ს ფარგლებში, 30 ივნისს კინორეჟიორი სალომე ჯაში გამართავს მასტერკლასს, 1 ივლისს კოსტიუმების მხატვარი თინათინ კვინიკაძე, 2 ივლისს პაატა გოძიაშვილი, ხოლო 3 ივლისს დრამატურგი და რეჟისორი, დავით ფირცხალავა. მასტერკლასებს წარუძღვება კინომცოდნე ნენო ქავთარაძე, დასაწყისი 17:00 საათზე. მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდული.

4 ივლისს, კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზეც გამოვლიანდებიან „ფიჩინგ ფორუმის“ და საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე ნაჩვენები იქნება 2021 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმით.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ “ამირანი”-სა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის მეგობრები: კინო კომპანია „ჯაგა გრიპი“, Artarea, AT.ge; რადიო „ფორტუნა“; რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g