2 ნოემბერს, თბილისის „ივენთ ჰოლში“ ჯაზური ჰანგების მოყვარული საზოგადოება ჯაზფესტივალის მეოცე საიუბილეო საღამოზე შეიკრიბა. „ისთერნ ფრომოუშენსმა“ წარმოგვიდგინა საინტერესო ფილმი ფესტივალის ისტორიის შესახებ, რომელიც სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. საბჭოთა კავშირში ჯაზარტისტების სტუმრობისა და მათი კონცერტების ამბებს გაიოზ კანდელაკი მოუთხრობს მაყურებელს, რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამა თუ იმ კონცერტიდან ჯაზფესტივალის ერთული სტუმრები, მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები იხსენებენ…
„ისთერნ ფრომოუშენსმა“ წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი სახელგანთქმული მუსიკოსი ჩამოიყვანა საქართველოში და ამ ტრადიციას სიამოვნებით აგრძელებს. ამ საქმეში მათ დიდ დახმარებას უწევს „თი-ბი-სი“ ბანკი, რომლის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე სცენაზე ავიდა, კიდევ ერთხელ მიულოცა კომპანიას აქტიური ჯაზსაქმიანობის 20 წელი და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორს საჩუქრად ნახატიც გადასცა. თავად გიორგი კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამაზე, რომელიც 2-5 ნოემბრის ჩათვლით მსმენელს ელოდება. გუშინდელი კონცერტის შემდეგ დაგეგმილია ცნობილი საქსოფონისტის, ჯო ლოვანოს გამოჩენა „ივენთ ჰოლის“ სცენაზე, 5 ნოემბერს კი დიდ საკონცერტო დარბაზს ქართველები დაიპყრობენ, პაპუნა შარიქაძის სპეციალური სტუმარი ედი გომესი იქნება, ბექა გოჩიაშვილი კი, ტრადიციისამებრ, არერთი „გრემის“ მფლობელ სტენკლი კლარკთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე. დაგეგმილია საინტერესო მასტერკლასების ჩატარებაც, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის…
რაც შეეხება გუშინდელი გახსნის მუსიკალურ ნაწილს – დამერწმუნეთ, თუკი რიტმ ენდ ბლუზის, ფანკისა და სოულის მოყვარული ბრძანდებით, არაფერია იმაზე სასიამოვნო, თუკი TOWER OF POWER-ის კონცერტზე აღმოჩნდებით. მათ მუსიკას რომც არ იცნობდეთ, შესანიშნავი მუსიკის წყალობით, რომელსაც ანსამბლი აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, ასრულებს, შეუძლებელია, ერთ ადგილას გაჩერდეთ და ცეკვა არ მოგინდეთ. მუდმივი შეძახილებისა და საქებარი სიტყვების პარალელურად, ჯგუფის შემადგენლობა და განსაკუთრებით სოლისტი, რომლის ვოკალური ტექნიკის აღწერა სიტყვებით არცთუ ადვილია, ერთი-მეორეზე უფრო „ცხელ“ კომპოზიციებს გვთავაზობდა სხეულის გასავარჯიშებლად და სმენის დასატკბობად.
მსოფლიოში აღიარებული ცნობილი R&B-ისა და სოულის შემსრულებელი ბენდი „TOWER OF POWER“ , 1968 წელს, კალიფორნიაში შეიქმნა. უკვე 5 ათწლეულია, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და მართავენ კონცერტებს. ბენდს, არსებობის ისტორიაში, სხვადასხვა ვოკალისტი ჰყავდა, მათ შორის – ლენი უილიამსი, რომლის დროსაც ჯგუფმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. კარიერის განმავლობაში, TOWER OF POWER-ის არაერთი სიმღერა გამხდარა ჩარტების ლიდერი. მათ შორის, ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია – You’re Still a Young Man”, “So Very Hard to Go”, “Soul With a Capital S”, “Soul Vaccination”, “What Is Hip?” და სხვა.
ამა თუ იმ კომპოზიციის შესრულებისას ჯგუფის წევრები სცენიდან ეცეკვებოდნენ მაყურებელს და ეს ყველაფერი საერთო მხიარულებას ქმნიდა, რომელიც საღამოს პირველი წამიდან მის დასრულებამდე გაგრძელდა. რასაკვირველია, იყო ბისი, რომელზეც ორი სიმღერა შესრულდა…
თავად ანსამბლის წევრებმა სამომავლო გეგმებიც გაგვაცნეს, მათ ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და კოცნერტისა და ახალი სიდის ჩაწერისთვის ემზადებიან…
ჯგუფმა კონცერტამდე თბილისში გაისეირნა და ერთ-ერთ რესტორანში ისადილა. მანამდე კი ანსამბლის გიტარისტმა, ჯერი კორტესმა სასტუმროს ნომრიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„მე სსრკ-ში დავბრუნდი (I’m back in the USSR!)… ტექნიკურად, რადგან ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში ვიმყოფებით, მის დედაქალაქში, თბილისში. ხვალ პირველად გამოვალთ თბილისის ჯაზფესტივალზე, ასე ამბობს ბილბორდი, ჩემი ფანჯრის წინ. იმედია, იქ გიხილავთ. ვხუმრობ. შემდეგ ჯერზე წინასწარ შეგატყობინებთ კონცერტის შესახებ…“
ნინო მურღულია