თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მონაწილეობა მიიღო ევრაზიის უმაღლესი განათლების ფორუმში — QS Eurasia Higher Education Forum 2025, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს მხარდაჭერით ტაშკენტში გაიმართა.
ფორუმის მიზანი ევრაზიის რეგიონის უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციების, არსებულ გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, პრეზიდენტები და ხელმძღვანელი პირები.

ფორუმის ფარგლებში, განათლების მიმართულებით, განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:
- რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო განათლების მიმართულებით;
- უნივერსიტეტების როლის ზრდა ინოვაციებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაში;
- სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების გაფართოება;
- უმაღლესი განათლების საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელობა და მათი განვითარების დინამიკა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ესტუმრა ტაშკენტის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ინიციატივები – სტუდენტური და აკადემიური მობილობის, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს:
- ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განვითარებასა და მხარდაჭერას;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების დანერგვას;
- სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ერთობლივ ორგანიზებას;
- ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ოფიციალური ჩანაწერი დატოვა უნივერსიტეტის „შთაბეჭდილებებისა და სურვილების“ წიგნში, სადაც მადლიერება გამოხატა მასპინძლობისთვის, ხაზი გაუსვა მეგობრული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვა.
ვიზიტი, რომელიც 2025 წლის 24–25 ნოემბერს გაიმართა, წარმატებით დასრულდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თსსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაში, პარტნიორული ქსელის განმტკიცებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების ზრდაში.
