LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო

715
Tbilisis_saxelmwifo_samedicino_universitetSi_20232024_saswavlo_weli_sazeimo_RonisZiebiT_daiwyo_6512af53a305f

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა; გერმანიისა და ავსტრიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა  პროფესორებმა: ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) რექტორმა, პროფესორმა ვოლფანგ ფლაიშჰაკერმა; ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) აღმასრულებელმა ვიცე-რექტორმა კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორმა ქრისტინ ბენდტლოუმ; ულმის უნივერსიტეტის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა იოაჰიმ ფრაიჰორსთმა; საპატიო სტუმარმა აშშ-დან – ექიმ-ნეიროფსიქოთერაპევტმა, კლინიკა ,,ბრეინ ველნესს ცენტრის (ნიუ იორკი, მანჰეტენი) დირექტორმა, ნეიროფსიქოთერაპიისა და ნეიროფიტბექის განყოფილების ხელმძღვანელმა, მენტალური ჯანმრთელობის მაგისტრმა აზა მანთაშაშვილმა.

საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალ სასწავლო წელს წარმატებები უსურვეს:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა  არჩილ თალაკვაძემ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა; საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა თამარ გაბუნიამ; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ვლადიმერ კახაძემ; პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა ბაია კვიციანმა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა დავით ლომინაშვილმა; განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა; ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრმა, ქალბატონმა ანა კაკაბაძემ; ქალაქ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გოგი ჩიქოვანმა; თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა არსენ გვენეტაძემ; თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლადო გაბეჩავამ; თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეცხრესემესტრელმა სტუდენტმა სლაგია დუგირალამ.

ღონისძიების გახსნისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველსემესტრელებს  სწავლის დაწყება მიულოცა:

,,ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის მიღწევა, რომელიც მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მოქმედმა აკრედიტაციის საბჭომ, სამედიცინო  განათლების  მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების და პროცედურების მიხედვით, 2021 წლის ივნისში, ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასებით საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ოთხივე საგანმანათლებლო პროგრამას.

2024 წლიდან, ევროატლანტიკურ სივრცეში აღიარებული იქნება დიპლომირებული მედიკოსის მხოლოდ ის პროგრამები, რომელთაც ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია.

ამ აღიარებამ თქვენი პროფესიული ზრდის პლაცდარმი კიდევ უფრო ძლიერი და მყარი გახადა. თქვენი შესაძლებლობები გაცილებით გაფართოვდა და თქვენი სამოღვაწეო არეალი მსოფლიოში არაფრით იქნება შეზღუდული. მჯერა, რომ მომავალში თქვენ აუცილებლად იტყვით საკუთარ სიტყვას, როგორც პროფესიონალები. მჯერა, რადგან თქვენ რჩეულები ხართ, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის უპრეცედენტოდ მაღალი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის მიუხედავად, თქვენ შეძელით და გადალახეთ იგი! შედეგად, გახდით საუკეთესოთა შორის საუკეთესონი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები!

გავა წლები და თქვენ, დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას  სიხარულით რომ ხვდებით, სახელოვანი ექიმები, სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ჯანდაცვის ორგანიზატორები, რეაბილიტოლოგები, ექთნები გახდებით და როცა თქვენს  სახელებს და გვარებს გავიგებ, ვიამაყებ, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდით, მე კი მქონდა პატივი თქვენი რექტორი ვყოფილიყავი.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ  და   წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყოველთვის! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“, – განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლადო გაბეჩავამ სცენაზე მიიწვია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თსსუ-ში ჩარიცხული 10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე – ნია შამათავას კი განსაკუთრებული საჩუქარი – პერსონალური კომპიუტერი თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა.

განსაკუთრებით ემოციური იყო თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებული სიურპრიზი – ვიდეორგოლი, რომლითაც ნია შამათავას მიღწეული წარმატება ოჯახის წევრებმა და სკოლის დირექტორმა მიულოცეს.

ღონისძიების დასასრულს აჟღერდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ, პირველსემესტრელებს შეხვდნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა.

დღის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერის და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი, თანამედროვე ცეკვების ანსამბლი „ვეგა“. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კლასიკური და  საესტრადო მუსიკალური ნომრები.

magti 5g