დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927,6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10,8 მლნ ლარით. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად თბილისის მერის, კახა კალაძისთვის კითხვების დასმის შემდგომ დატოვეს. ასევე, სხდომა დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.
მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მლნ-ით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მლნ-ით ნაკლებია, რაც ძირითადად ავტობუსებისთვის განკუთვნილ თანხას შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში 38,5%-ს შეადგენს.
სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 327,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მლნ ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან 21,8 მლნ ლარით მეტი. წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში შეადგენს 35,4%-ს.
2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მლნ, ასევე, გარდამავალი ნაშთი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მოცულობაში გაიზრდება 43,1%-ით (432 მლნ ლარი), ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების წილი 32,7%-მდე შემცირდება.
საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 170 მლნ ლარით და შეადგენს ერთ მილიარდ 86,9 მლნ ლარს. აქედან ავტობუსების შესაძენად გამოყოფილია 79,6 მლნ ლარი; ავტობაზების, გაზგასამართებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 24,7 მლნ ლარი; მეტროსადგურების რეკონსტრუქციისთვის 5,1 მლნ ლარი; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრულია 20,4 მლნ ლარი; „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილია 7 მლნ ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად – 15 მლნ ლარი.