თბილისის ზოოპარკი საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტს ინიციატორები ხვალ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ. ამავე აუდიტორიაში კამპანიასთან დაკავშირებით, 11 და 12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ჩატარდება კონფერენცია – „სახეობათა კონსერვაცია და გარეული ცხოველების დაავადებები.”
„კამპანიის მიზანია საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის ფინანსების მოძიება და საზოგადოების ჩართვა ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლების გადარჩენის პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, რაც სახეობის საბინადრო არეალის შესწავლას, ინდივიდების გამრავლებას და შემდგომ რეინტროდუქციას, ანუ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დაწყებულია დაობლებული ბელების რეაბილიტაციის პროექტი.
კონფერენციაზე განსახილველი თემები: მთის ჩლიქოსნების სტატუსის მდგომარეობის შეფასება და კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა კონსერვაციაში, გარეული ცხოველების დაავადებები,“ – ნათქვამია “ივენთის” შესახებ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/events/896811427181922/