საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
საანგარიშო პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-2.5%).
თბილისის უბნების მიხედვით, ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზეა.
უფრო კონკრეტულად, ბინების სეგმენტში: 1 კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 6624 ლარია, ვაკეში – 5856 ლარი, ჩუღურეთში – 4358 ლარი. კერძო სახლების სეგმენტში: 1 კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 4462 ლარია, ვაკეში – 3957 ლარი, დიდუბეში – 3577 ლარი.