საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს, კიდევ ერთი საწარმო, შპს „ალუტექ ჯორჯია“ შეემატა, რომელიც ალუმინის პროფილის, მზა კარ-ფანჯრების წარმოებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.
შპს „ალუტექ ჯორჯია“, რომელიც 2018 წლის თებერვლის თვეში ამოქმედდება, წლიურად 4 393 220 ლარის პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.
აღნიშნული საწარმო თბილისში, ქიზიყის ქ. #24 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 499 000 ლარს შეადგენს.