კორონავირუსის გამო ჩინეთში მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა შინაური ცხოველები გარეთ გაყარა. თუმცა ძაღლებისგან ვირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰონგკონგში ძაღლს გადაედო პატრონისგან კორონავირუსი.
ძაღლს კორონავირუსი პატრონისგან გადაედო
ამჟამად ძაღლი, რომელსაც დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვს, კარანტინში იმყოფება.
საქართველო, რომელიც მსოფლიოს ნაწილია, გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთ პრობლემას, რომელიც ამ ვირუსის გამო ჩნდება.
თბილისში ბევრს ეშინია უპატრონო ძაღლების, რომლებიც ქუჩაში ხშირად გვხვდებიან.
როგორც „ფორტუნას“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, თბილისში დაახლოებით 43 000 უპატრონო ძაღლია. ყველა მათგანი ცოფზეა აცრილი და კასტრირებულია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში უპატრონო ძაღლები კორონავირუსის გავრცელების მხრივ საშიშები არ არიან. მით უფრო ამ რეალობაში, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ ძაღლები შეიძლება კორონავირუსის გადამტანები გახდნენ.
„თბილისში ყველა უპატრონო ძაღლს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, არიან სტერილურები, ანუ აღარ გამრავლდებიან. ეს არის მათი პოპულაციის მართვის ყველაზე ჰუმანური და მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი. ყველა უპატრონო ძაღლს ყურზე აქვთ ნიშანი და აწერიათ პირადი ნომერი, საიდანაც ვიგებთ ინფორმაციას, როდის გასტერილდა და როდის ავცერით ცოფზე“, – განუცხადეს „ფორტუნას“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
„ქუჩის ძაღლების უმეტესობას მიმკედლებლები ყავს. ეს ნიშნავს. რომ ძაღლი ქუჩაში კი ცხოვრობს, მაგრამ მას ვიღაც მეთვალყურეობს, რომელიც გვეუბნება, რომ წელი გავიდა და ძაღლი კვლავ საჭიროებს აცრას.
თბილისში ბოლოს უპატრონო ძაღლები 2015 წელს დავითვალეთ. საუბარია, რომ წელსაც დაითვალონ მიუსაფარი ძაღლები.
2015 წლის მონაცემით თბილისში 43 000 ძაღლი იყო, რადგან ყველა მათგანს კასტრაცია აქვს ჩატარებული, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მათი რაოდენობა შემცირებულია. თუმცა ამ ფაქტს აფერხებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი სახლებიდან შინაურ ცხოველებს ყრიან. მოვლა-პატრონობაზე ამბობენ უარს და ისინი ქუჩაში აღმოჩნდებიან ხოლმე“, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვირჩევს, შინაური ცხოველები სხვა ძაღლებთან კონტაქტს მოვარიდოთ, ეს მათი დაცვის მთავარი მეთოდი იქნება.
„ძაღლების კორონავირუსით დაინფიცირების სულ ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა მთელს მსოფლიოში. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ერთმანეთს მოუფრთხილდნენ და ყველა ის რეკომენდაცია შეასრულონ, რასაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
შინაურ ცხოველებს სხვა ძაღლებთან არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი. ძაღლი, რომელიც სულ სახლშია, ის ვერანაირად ვერ გახდება ვირუსის გადამტანი. გარე სივრცეში კი რასაკვირველია, ქუჩის ძაღლებს უნდა ვერიდოთ, ის ვერაფერს დაგვიშავებს, თუ 2 მეტრზე ახლოს არ მივუახლოვდით და თუ მის დანერწყვილს არ შევეხებით და მერე სახეზე არ მოვიკიდებთ ხელს.
დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან რიგი წესები. ხელების ხშირი დამუშავება გარესივრცეში ყოფნის შემდეგ. ანუ თუ ადამიანებს მოუწევთ სხვადასხვა შენობებში ყოფნა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნა, აუცილებლად ხელები უნდა დამუშავდეს. ძაღლიდან და თუნდაც ადამიანიდან ორ მეტრზე შორი მანძილიდან არ გადადის ვირუსი“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ალექსანდრე გოგინავამ.
