LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ფრენჩაიზინგის მასშტაბური გამოფენა გაიმართება

108

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, 2017 წლის ივნისში თბილისში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა BUYBRAND Transcaucasia გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება. ”ღონისძიება სავარაუდოდ, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. ის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება. წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი, რომლებიც საკუთარ ფრენჩაიზის პირობებს გააცნობენ ინვესტორებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით,  ბოლო 15 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ფრენჩაიზინგის კუთხით აქტიური განვითარების ტენდენცია არ იგრძნობა. თუმცა, ბაზრის მოცულობა, ორგანიზატორების განმარტებით, იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში რეგიონში შესაძლოა გაიხსნას ათასამდე წარმომადგენლობა ფრენჩაიზინგის სისტემით, რომლებშიც 15 ათასამდე ადამიანი იქნება დასაქმებული.

„ყურადღებას ვამახვილებთ ტურისტული ნაკადის ზრდაზე კავკასიის რეგიონში – განსაკუთრებით საქართველოში. ყველაზე დიდი მოთხოვნა იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციებზე HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს, ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს. ამის გარდა, ვვარაუდობთ მაღალ მოთხოვნას ე.წ. „საბავშვო“ ფრენჩაიზინგში. მაგალითად: საგანმანათლებლო სკოლები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები, გასართობი ცენტრები“, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ეკატერინა სოიაკი.  მისივე განმარტებით, დღეისათვის ყველაზე მაღალი დაინტერესება დაგეგმილი გამოფენის მიმართ გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელმა ქსელმა- Tamaris, ამერიკული სასტუმროების ქსელმა Best Western, ბრიტანულმა სწრაფი კვების ქსელმა Southern Fried Chicken, ამერიკული ბურგერების ქსელმა Carl’s Jr., კაფეების ქსელმა Baskin Robins და სხვა ცნობილმა ბრენდებმა გამოთქვეს.

არ არის გამორიცხული გამოფენაში მონაწილეობა აზერბაიჯანულმა, სომხურმა და ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ, რომლებსაც ფრენჩაიზინგის მოდელის განვითარება აქვთ გადაწყვეტილი.

ორდღიან გამოფენასთან ერთად საქართველოში ბიზნეს-ფორუმიც გაიმართება, სადაც სიტყვით მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები,  ასევე ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები გამოვლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g