LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში H&M-ის გახსნის თარიღთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა

118

თბილისში H&M -ის გახსნის თარიღთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა , რომლის მიხედვითაც, ცნობილი  შვედური ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში მიმდინარე წლის 21 სექტემბერს 21 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ დღეს ქართულ მედიაში დაიწერა.ამასთან,  თბილისში მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც შეიქმნა, სადაც იგივე თარიღია მითითებული.

”ფორტუნა” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს თანაინვესტირების ფონდს დაუკავშირდა, რომელსაც ქართულ ბაზარზე აღნიშნული ბრენდი შემოჰყავს.

 

H&M–ის გვერდის მიერ შექმილი ივენთი, რომლის მიხედვითაც გავრცელდა არასწორი ინფორმაცია

”გავეცანით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე გადავხედეთ სოციალურ ქსელში იმ გვერდსაც, სადაც H&M -ის მაღაზიის გახსნის თარიღად 21 სექტემბერია მითითებული. მოგეხსენებათ, ჯერ სავაჭრო ცენტრ ”გალერეა თბილისის” გახსნის თარიღი არ არის დაზუსტებული, შესაბამისად, იმ მაღაზიის გახსნაზე საუბარი, რომელიც ამ ცენტრში უნდა განთავსდეს, ნაადრევია. ამასთან, თუ დააკვირდებით იმ გვერდს, სადაც ეს ინფორმაცია დევს, ნახავთ რომ ე.წ ”ფეიქ” (ყალბ) გვერდს ჰგავს. ამაზე მეტყველებს უხარისხო ფოტომასალა, წერის სტილი და ა.შ”, – აღნიშნეს თანაინვესტირების ფონდში და დასძინეს, მედიაში გავრცელებული ამბავიც, სწორედ ამ გვერდზე დაყრდონიბით დაიწერა.  ფონდის ცნობით,  გახსნის თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არც თვითონ H&M -ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზასა“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება 2016 წლის ბოლოს გაფორმდა, რომლის თანახმადაც  „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება. H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.

თავად  „გალერია თბილისი“ კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.

 

magti 5g