ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხე გაიხსნა. ქაღალდის, ალუმინის ქილების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკის დახარისხებული კუთხე თბილისის მოსახლებისთვის „გუდვილის“ ცენტრალურ შესასვლელში განთავსდა. პროექტი პროგრამის – ”ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” (WMRT) ფარგლებში განხორციელდა.
შეგროვებული ნარჩენი ჰიპერმარკეტში დასაწყობდება, რის შემდეგაც მას შპს „სუფთა სამყარო“ გადაამუშავებს.
როგორც ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნარჩენების გადამუშავების კუთხით კერძო სექტორის გაძლიერება, რათა გაიზარდოს ცნობიერება და საზოგადოებამ დაიწყოს ნარჩენების დახარისხება.
პროექტს international Citi/Contry Management Associacion (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში – კახეთსა და აჭარაში მიმდინარეობს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID).
ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხის პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი თომას მორისი, აშშ-ს საელჩოს, CENN-ისა და WMRT-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.