ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს, ასევე უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთან ერთადაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართავს. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
„უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – აღნიშნულია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მათივე ცნობით, ბორელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
