„ჩვენ როცა ვართ მართლები, უნდა ვიყოთ მშვიდად. ამ ქვეყნებში, რომლებიც დღეს შესაძლოა შეეცადონ, ლინჩის წესით გაგვასამართლონ, ელექტრონული მანქანების მეშვეობით არც ერთხელ ჩატარებულა არჩევნები. ზოგ ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობაც კი არ არსებობს და ამ დროს, ჩვენ ვატარებთ მაღალ დონეზე ისეთ არჩევნებს, რომელზეც დასავლური კომპანიები ამბობენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის გაყალბება შეუძლებელია“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ წერილით მიმართა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
თეა წულუკიანის თქმით, არჩევნების საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდს მყარი არგუმენტები გააჩნია:
თეა წულუკიანი: „არსებობს ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა ევროსაბჭოს ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული“
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ იმიტომ, რომ ვართ მართლები და ქართველი ხალხი არის მართალი. ამავე ორგანიზაციაში მრავალი წლის მანძილზე მე და „ქართული ოცნების“ გუნდი ვამტკიცებდით იმას, რაც არავის სჯეროდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა სასამართლო დავაში იყო მართალი. იყო ღიმილნარევი შენიშვნებიც, რომ რა, თქვენ გგონიათ, რუსეთს მოუგებთ? -ხომ მოვუგეთ და არაერთი დავა. ამიტომ, ჩვენ როცა ვართ მართლები, უნდა ვიყოთ მშვიდად.
ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმის შესახებ, რომ უმრავლესობა ამ ქვეყნებში, რომლებიც დღეს შესაძლოა, ყველას ეს არ ეხება, შეეცადონ, რომ ლინჩის წესით გაგვასამართლონ, ელექტრონული მანქანების მეშვეობით არც ერთხელ ჩატარებულა არჩევნები. ზოგ ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობაც კი არ არსებობს და ამ დროს, ჩვენ ვატარებთ მაღალ დონეზე ისეთ არჩევნებს, რომელზეც ყველა აუდიტი, დასავლური კომპანიები ამბობენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის გაყალბება შეუძლებელია.
ასევე, წარმოუდგენელია, ვინმემ გააყალბოს არჩევნები, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის არის ასეულ ათასობით ხმების სხვაობა და ბევრი სხვა ისეთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად გვამყოფებს. ევროსაბჭოს სჭირდება საქართველო, საქართველოს სჭირდება ევროსაბჭო. ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ევროსაბჭო, სადაც ჩვენ თითქმის 30 წელია ვართ საუკეთესო წევრები, საუკეთესო მოსწავლეები და ასეც გავაგრძელებთ თუ იქნება ეს მათი ნება. მაგრამ ვნახოთ როგორ წარიმართება დებატები. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც 1 200 00 ადამიანია ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ“- აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანმა ასევე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არცერთი მტკიცებულება არ არის ამ ანგარიშში მოყვანილი, რომელიც [არჩევნების გაყალბების] მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს:
„ანგარიში გამოდის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც შემდეგ ბუნებრივად უნდა მიებას ის, რომ თითქოსდა მათი თქმით, ასეთ არასწორად ჩატარებული არჩევნების შედეგად აქ მოვლენილი დელეგაცია არ უნდა იყოს უფლებამოსილი. მათ ეს ანგარიში, რომელიც ყველანაირ მტკიცებულებას მოკლებულია, ისიც კი არ არის ამ ანგარიშში ნათქვამი, რომ თუნდაც დასავლურმა კომპანიამ აუდიტი ჩაატარა ჩვენი ელექტრონული ტექნოლოგიის არჩევნებისა და დასავლური კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა თქვა, რომ შეუძლებელია ამ პროცესით არჩევნების გაყალბება და არცერთი მტკიცებულება არ არის ამ ანგარიშში მოყვანილი, რომელიც მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს“-განაცხადა თეა წულუკიანმა.